Tag Archives: ჰაგიოგრაფია

”მარგალიტები”

                                     

დამთავრდა ერთიანი ეროვნული გამოცდები, აბიტურიენტთა 80-85%  სტუდენტი გახდა. ვინ დარჩნენ ისევ აბიტურიენტებად? ალბათ, ამ მარგალიტების ავტორები:

  1. ყველას თუ არა უმრავლესობას, ალბათ, გახსოვთ ” გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში” ჯავახეთის კრების ეპიზოდი. ერთ-ერთ ვარიანტში სწორედ ამ ეპიზოდიდან იყო შეკითხვები ( გრიგოლისა და ეფრემის საუბარი); ა) განმარტეთ, რა მიზნით მოიშველია ეფრემმა არგუმენტი: ”ვერ ეგების ძმათა ჩემთა ეპისკოპოსთა ცილობაი…” აბიტურიენტთა 10% წერდა: ”ეფრემმა არსენს ცოლობაზე უარი უთხრა”.

        ბ) განმარტეთ, რა იგულისხმება გადატანითი მნიშვნელობით ეფრემის სიტყვებში: ”არა ვარ… არსენის ცხოვარი და არცა იგი – ჩემი მწყემსი”.  პასუხი ასეთი იყო: ”მე და არსენი  და-ძმა არა ვართო”.

2.      დავით გურამიშვილის ”დავითიანი”:   ”……  მიველ და მაშიგ უკუვსძვერ, ვმადლობდი მხოლოდშობილსა”(სტროფი მთლიანად იყო მოცემული). კითხვა: დაასახელეთ, ვის უხდიდა მადლობას ავტორი? პასუხი – საყვარელ დედიკოს.

  1.  ერთ-ერთ ვარიანტში წერით დავალებად მოცემული იყო ნაწყვეტი პაოლო იაშვილის     მოთხრობიდან ” ფერადი ბუშტები (სანტიმენტალური ამბავი)”.  მარგალიტი – ”ავტორმა აღწერა იმდროინდელი მათხოვრების ეხლანდელი  მდგომარეობა”. 
  2. გალაკტიონის ”მერი” – ”ავტორი  მერიში გულისხმობს ბედკრულ საქართველოს”.
  3. გურამ დოჩანაშვილის ” სამოსელი პირველი” –  ” ავტორმა საოპერაციო მაგიდაზე მოათავსა მრავალჭირგადატანილი საქართველო და მძაფრი ფერებით ოპერაციის მთელი მსვლელობა აგვიწერა”.   ”ავტორმა ნაწარმოების პროლოგში პერსონაჟის ეპილოგი დაგვიხატა”. 
  4. გრიგოლ რობაქიძის ” ჩაკლული სული” –  ”სპილბერგის უჟასებიც კი ანგელოზებად მოგეჩვენებათ სტალინთან შედარებით”.

ეს მხოლოდ ნაწილია ”მარგალიტების” .

   ახლა მინდა შემოგთავაზოთ გონებაგახსნილი, მაგრამ უპასუხისმგებლო აბიტურიენტის შედევრი ე.წ. ფუნქციურ წერაში. მან ვერ დააკმაყოფილა ვერც  ერთი კრიტერიუმი, რომლითაც უნდა შეფასებულიყო და ამ ნაშრომში მიიღო 0 ქულა:   

                            ” ბავშვთა დაცვის ფონდ ”ჩინგიზ ყაენის პირად გვარდიას”                     ჩვენი მიმართვა

   ვაპირებთ გავაკეთოთ, დავასუფთაოთ, მივალაგოთ და  მოვალაგოთ ჩვენი სკოლა. არ გთხოვთ ფრიად ღრმააზროვან დიდაქტიკას მოსახმარებლად, მაგრამ თუ დაგვეხმარებით და, ცოცხებს გვათხოვებთ კარგს იზამთ.იმიტომ, რომ შიშველი ხელებით ცოტა გვიჭირს მოხვეტვა.გარდა ამისა, ეგზომ ფუმფულა მამრი, ბენდუქიძედ წოდებული, შვილად მომიხსენიებს და ძალმიძს ბავშვთა დაცვის ფონდიდან პარმლამენტში გიჩალიჩოთ რამე.

    გაჩალიჩება – არს ესევითარი მსგავსებაჲ საქმისა, დაღაცათუ უკუეთესი რადგან ხვალ გივიას. ბაბუის ორმოცია, მაშ ზეგ დავიწყოთ შრომა-საქმიანობა და თუ ბლომდე ვიქნებით, იქნება და ქე წამიკრათ ხელი რაცხა პაწიაზე, ყანა მაქ სათოხნი, იმიტომ,რომ მერე უნივერსიტეტში მეჩქარება, ლექციებს ვკითხულობ თემაზე: ” პოსტგნოსეოლოგიური ჭრილი  დიდაქტიკურ წნეხთან მიმართებით განიცდის თუ არა ზემძლავრ გამოსხივებას თუკი მას დავაკომპენსირებთ ეტიმოლოგიური დიაფრაგმის პროცენტული შემადგენლობით ქრომოსომათა სუბორდინაციულ სენსორზე?

     მოკლედ მიეცით და მოგეცემათ ანუ გვიბოძეთ ცოცხები და გიბოძებთ სუფთა გარემოს

                        დავშთები სიღრმისეული კდემამოსილებით მარად თქვენი…

P.S. ერთ ქულაზე თანახმა ვარ. თქვენ?

აბიტურიენტთა სტილი ყველგან დაცულია.

Advertisements

17 Comments

Filed under ზოგადი

”რას ვერჩოდით” ლომაიას?

დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია გადაცემა ”დიდ ათეულში” წმინდანების ჩართვის საკითხმა:  ”არ შეიძლება მსჯელობის საგანი გახდნენ ისინი და მათი ღვაწლი, ეს მათი შეურაცხყოფა და ერის ზნეობრივი გადაგვარების ნიშანიაო.”  მაშინ რას ვერჩოდით კახა ლომაიას, ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ უფიქრია ამაზე კაცს :D,  როდესაც განაცხადა, სკოლაში არ უნდა ისწავლებოდეს ჰაგიოგრაფიაო :D. ერის ზნეობაზე ზრუნავდა თურმე მინისტრი, ჩვენ კი რა არ დავაბრალეთ: იაღოველია, სოროსელია, მასონია…  მგონი უცხოპლანეტელადაც კი მოვნათლეთ. 😀

მოგიწოდებთ :D, არ შევუშვათ სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, ისინი ხომ  თავიანთი შეხედულებების მიხედვით აანალიზებენ ნაწარმოებებს, გმირთა სულიერი სამყარო რომ დაანახვონ მოსწავლეებს ხშირად წმინდანთა ადამიანურ თვისებებზეც უნდა ისაუბრონ და რა ვიცით რას იტყვიან?! 🙂

P.S. ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრებს – ნუ ჩაიგდებთ სასაცილო მდგომარეობაში თავს! 😦

მართლმადიდებელი მრავალშვლიანი დედა, ყოველგვარი კავშირებისა და ””-ის გარეშე!

3 Comments

Filed under მოსაზრება