Tag Archives: შვილი

10 სექტემბერი

ვიღაცისთვის ერთი ჩვეულებრივი დღეა, ჩემთვის უბედნიერესი. 29 წლის წინ დილის ათის ნახევარზე გაჩანდა საბა, დარწმუნებული ვიყავი, მთელი სამყარო გახარებული იყო 🙂
ხშირად ვხალისობ იმდღევანდელი შეგრძნებები რომ მახსენდება. სამშობიარო ბლოკში ლიფტით ავყავდი, ახლობლები დერეფნის ბოლოში იდგნენ და კარი რომ იკეტებეოდა, რატომღაც იური გაგარინი გამახსენდა, კოსმოსში გაფრენის წინ ხელს რომ იქნევს და ზუსტად ისე დავუქნიე ჩემებს ხელი 🙂 ბლოკში ასული გაოცებული ვუყურებდი “მყვირალა” ქალებს, ვფიქრობდი -შვილის გაჩენას ასე კივილით რატომ ხვდებიან, ნუთუ მოთმენა არ შეუძლიათ-მეთქი. ყველა შოკოლადს ითხოვდა, სულაც არ მინდოდა, მაგრამ მაინც დიდი რაოდენობით მოტანა ვთხოვე ჩემებს…:)
მაშინ ტოლმებივით შეხვეული ახალშობილები ცალკე ოთახში ჰყავდათ, დედებისაგან მოშორებით 🙂 თითოეული ქალი ტირილით ცნობდა შვილს, დედობრივი ინსტიქტი გაასმაგებული გვქონდა 🙂 პატარა 6-7 საათის შემდეგ მომიყვანეს და ყველაფერი დავუთვალიერე – თავი, ცხვირი, თვალი, ფეხუკები, ხელუკები… შეგრძნება მქონდა, ჩემისთანა ლამაზი და ჭკვიანი შვილი ქვეყნად არავის ჰყავდა.ყველას მის შესახებ ველაპარაკებოდი,მწყინდა თუ სხვა თემაზე გადაიტანდნენ საუბარს 🙂
საბა, ძალიან მიყვარხარ!

Advertisements

3 Comments

Filed under ზოგადი

დედა

     დღეს დედას დაბადების დღეა, ის კი საავადმყოფოში მოხვედრილა. თირკმელზე აქვს რაღაც გართულება თურმე. ვნერვიულობ,ვერაფრით ვერ ვეხმარები, გვერდითაც ვერ ვუდგები, ძალიან შორსაა.ვიცი, ჩემი და-ძმა ,საბა- იქ არიან და ყველაფერს გაუკეთებენ,მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ,ძალიან ვნერვიულობ; მენატრება, დედა მენატრება, მტკივა და მენატრება!  😦

       ღმერთო, უშველე ჩემს დედიკოს,დიდხანს მინდა, რომ ჩემთან იყოს!    

 

                                                                    დედას

                                        ტალღასავით გეხეთქები ხშირად,

როცა მეტყვი სიტყვას მკაცრს და მოჭრილს,

ხან დიდობა დაიგიმტკიცო მინდა,

ხან, უბრალოდ გაგიგორო კოჭი.

ზოგჯერ ვგავარ უმადურს და უძღებს,

შენგან მაინც მიტევებას ველი.

ცხოვრებისგან რამდენ დარტყმას უძლებ,

მე კი შენი მხრის მოდებაც მშველის.

ტალღასავით გეხეთქები ისევ,

რომ სიმყარე შევიძინო მერე.

ფილტვებს შენი ნამსხვრევები მივსებს,

 აღარ ვიმჩნევ ჩემს წლებს – შენს სიბერეს.

შენი თმენის და შენდობის ნიჭი,

ვიცი,მერე მეც რომ დამიფარავს,

მაგ სიმაღლეს ჯერ ამოსვლა მიჭირს,

ჯერ შენ მყავხარ იმედად და ფარად.

გაკვირდები და ერთ რამეს ვფიქრობ,

რამდენია ქვიშის თავზე წყალი.

ღმერთო! დიდხანს შემარჩინე სითბო

დედის ფრთის ქვეშ შეყუჟული ქალის…

11 Comments

Filed under ფიქრები

სიყვარული

      ”ძილი ნებისა”,  ასე დამიმთავრებია ჩემი წინა პოსტი და გამოქვეყნების  თარიღს  რომ შევხედე, ”რამდენი მძინებია-მეთქი”…  ამდენი ძილის მიზეზიც მქონდა: აქეთ ოჯახი, იქით მოსწავლეები, სამსახურიც ემატება და ჩემთვის, მარტოობისთვის, დრო აღარ მრჩება;  ვითომ ვწუწუნებ?! 

             ფიქრები – აქ ხომ მაინც შეიძლება ადამიანი მარტო იყოს,მაგრამ არც აქ მტოვებენ მარტო  🙂  არა აქვს მნიშვნელობა რაზე, როგორ, სად, რატომ ვფიქრობ – სათითაოდ (თან რამდენი არიან  🙂 ) ყველამ უნდა დამისვას კითხვა : დე, (ან ცუცა, ესე ზურა მომმართავს)  რა იყო? რაზე ფიქრობ?  რატომ ხარ მოწყენილი?  ვინ გაგაბრაზა? 

 -არავინ!  

– აბა, ცუდ ხასიათზე რატომ ხარ?  

 -არა ვარ, ვფიქრობ. 

 -რაზე?  

-არაფერზე!

-მაინც?

-სიყვარულზე!

          ამის შემდეგ მანებებენ თავს, რადგან მათაც იციან, რომ რაზეც არ უნდა იფიქრო, ყველაფერს სიყვარული უდევს საფუძვლად. თუ ქმარი  არ გიყვარს, რატომ იფიქრებ მასზე, მაშინაც კი როცა შენს გვერდით არის; შვილი თუ არ გიყვარს, რატომ ფიქრობ და წუხარ მასზე?  მოსწავლე (ჩემ შემთხვევაში) თუ არ გიყვარს, რატომ ნერვიულობ მასზე?  ქვეყანა თუ არ გიყვარს, რატომ გტკივა ასე? და… უსასრულოდ შეიძლება გაგრძელება…  (ჩვენი ოჯახის  შემთხვევაში მხოლოდ მოვალეობებზე დამყარებული ურთიერთობები და გრძნობები გამოირიცხება!  ნუ შემეკამათებით  🙂 , თუმცა მოვალეობებიც  არ გვავიწყდება.) 

      გუშინ საბაც გავაბრაზე, გინდა თუ არა მითხარი, რამდენი ქულა მიიღე-მეთქი.  😦 დილით მისი პოსტი რომ წავიკითხე, ჩემს თავზე გავბრაზდი, რატომ მოვუშალე ნერვები-მეთქი, მაგრამ რა ვქნა, დედა ვარ და მითხარი რა, რამდენი ქულა მიიღე?   😀  😀  😀   

                 რახან პოსტს ვწერ ე.ი. თქვენც ძალიან მიყვარხართ!  🙂 

7 Comments

Filed under ფიქრები

ვიმეგობროთ

ჩემმა  შვილმა შეგაშინათ, დედაჩემი იფილოსოფოსებსო,მაგრამ ნურას უკაცრავად (ვინმე ხომ არ გაგახსენდათ :D)! ვიმეგობროთ, ვიხალისოთ და ვიოხუნჯოთ!!!! 🙂

ძალიან მომეწონა ბლოგერობა და ახლა მივხვდი, რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი 🙂 🙂 🙂

ვაჰ, დრონი, დრონი!!!!!

12 Comments

Filed under Uncategorized