Tag Archives: სიყვარული

ჩემები

ჩემი მოსწავლეების ბლოგი შეაფასეთ – http://newtonvashli.tk/, სახელს ვუცვლით – “ფიქრები თავისუფალი სამყაროდან”.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ზოგადი

ბებიაჩემი ასი წლისაა

დღეს სოფო ასი წლის გახდა.  ძალიან მენატრება  ჩემი ფუმფულა, თბილი, ტკბილი …     17 წელი გავიდა რაც აღარ მათბობს, ძალიან მტკივა და ძალიან მენატრება… ვწერ და ცრემლები მახრჩობს, ყურებში მისი ხმა მესმის, ყველასაგან გამორჩეულად მოგვმართავდა შვილიშვილებს: ზიზიტა, მაკუსინა, მინდუშა, საბუშკა,თორნო,ლაზრუშკა …სასაცილო ფრაზები ჰქონდა: „ ცივილიზა ბოზები,“ „შავი ლიმონათი“, სულ  უნდა  ჰქონოდა  ციტრამონი და ნაფტიზინი…

იცით რა ტკბილი და თბილი იყო… მენატრება… ახლაც,  ძალიან რომ გამიჭირდება,  ვგრძნობ როგორ მამშვიდებს, მაწყნარებს და მეუბნება : – აბა, დაფიქრდი, ღირს კი სანერვიულოდ, იქნებ ცივი გონებით უფრო მალე მოაგვარო…

სოფო, ძალიან მაკლიხარ და მენატრები…

სასწაული ქალი იყო, სოფლის პატრონი. ვინ იცის დღეში რამდენჯერ დაიძახებდნენ  ხოლმე- სონა ნათლია:  ბავშვს ხელი მოსტყდა,  მთელი ღამე სიცხე ჰქონდა,  ძროხა  აღარ იწველება, ქათამი მოკრუხდა და რა ვიცი, ვისაც რა აწუხებდა ყველა მასთან მოდიოდა. ექიმიც იყო და ვეტექიმიც, მასწავლებელიც და ადვოკატიც, მოკლედ სოფლის გაჭირვების ტალკვესი იყო…სულ მიკვირდა, როდის მოასწრო მთელი სოფლის მონათვლა-თქო და ცოტა რომ წამოვიზარდე, მივხვდი, რომ ყველა თავისიანად მიიჩნევდა… ამიტომ ეძახდნენ ნათლიას, ამით გამოხატავდენენ  მისდამი პატივისცემას, ყველაზე ახლობელი ხარო…

ქათმებსაც კი ელაპარაკებოდა დ ისინიც პასუხს სცემდნენ, ნუ იცინით, მართლა. ის კი არა სახელებს არქმევდა და ისე ეძახდა ხოლმე.  ერთხელ მამალი დაკოდა, უნდა გენახათ, რამხელა გაიზარდა და როგორ  დაბაჯბაჯებდა ეს მამალი ეზოში…

საღამოს გიტარა და რომანსები აივანზე…  აუ, რა გემრიელ კატლეტებს და კლიოცკის აკეთებდა…

სოფო, ძალიან მენატრები….

დღეს ბებიჩემი 100 წლის გახდა, ჩემი დისშვილი კი -10-ის, ვულოცავ მას  და ვუსურვებ,  ქეთი  დიდი   ბებიასავით   ჭკვიანი, ტკბილი  და  თბილი ყოფილიყოს!

სოფო, მიყვარხარ და მენატრები…

11 Comments

Filed under ზოგადი

ბლოგი

        დღეს ორი თვე შესრულებულა,რაც საბას (bas) რჩევით პოსტების წერა დავიწყე. არ ვიცი რამდენად საინტერესოა ჩემი პოსტები, მაგრამ ბლოგებში ხეტიალით მე  ვისვენებ, ბევრი რამ ახლიდან აღმოვაჩინე და ,რაც მთავარია, უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი, რომელთაც პირადად მე (თქვენი არ ვიცი) ახლობლებლად გთვლით.  🙂 

             მგონია, დიდი ხანია მათ ვიცნობ (თუმცა მხოლოდ ვირტუალური ნაცნობობა მაქვს),ყოველ დღე ველოდები სოფოს ”მზისფერ” პოსტს, მაინტერესებს თინიმ რა ქნა ქართული სახვითი ხელოვნების კოლოქვიუმზე, ვიხალისე piccolina-ს აღმოჩენაზე,გამიხარდა თაზოს წარმატება, ძალიან მაინტერესებს როგორები იქნებიან დოდკასა და თაას ბაჩაჩოეები, კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო, ბლოგის გზაზე ხომ, ერთი კი არა, უამრავი კაცი მიდი-მოდის საინტერესო და ლამაზი ისტორიებით…

                                          მიყვარხართ და გელოდებით  🙂 

                                                    საბა,გმადლობ!

P.S. კომპიუტერთან მუშაობას ჯერ ახლა ვსწავლობ, ბევრი რამ არ ვიცი და თუ რამე შემეშლება აქ  ან  facebook-ზე  არ დამცინოთ  😛 😀

12 Comments

Filed under შთაბეჭდილება

დედა

     დღეს დედას დაბადების დღეა, ის კი საავადმყოფოში მოხვედრილა. თირკმელზე აქვს რაღაც გართულება თურმე. ვნერვიულობ,ვერაფრით ვერ ვეხმარები, გვერდითაც ვერ ვუდგები, ძალიან შორსაა.ვიცი, ჩემი და-ძმა ,საბა- იქ არიან და ყველაფერს გაუკეთებენ,მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ,ძალიან ვნერვიულობ; მენატრება, დედა მენატრება, მტკივა და მენატრება!  😦

       ღმერთო, უშველე ჩემს დედიკოს,დიდხანს მინდა, რომ ჩემთან იყოს!    

 

                                                                    დედას

                                        ტალღასავით გეხეთქები ხშირად,

როცა მეტყვი სიტყვას მკაცრს და მოჭრილს,

ხან დიდობა დაიგიმტკიცო მინდა,

ხან, უბრალოდ გაგიგორო კოჭი.

ზოგჯერ ვგავარ უმადურს და უძღებს,

შენგან მაინც მიტევებას ველი.

ცხოვრებისგან რამდენ დარტყმას უძლებ,

მე კი შენი მხრის მოდებაც მშველის.

ტალღასავით გეხეთქები ისევ,

რომ სიმყარე შევიძინო მერე.

ფილტვებს შენი ნამსხვრევები მივსებს,

 აღარ ვიმჩნევ ჩემს წლებს – შენს სიბერეს.

შენი თმენის და შენდობის ნიჭი,

ვიცი,მერე მეც რომ დამიფარავს,

მაგ სიმაღლეს ჯერ ამოსვლა მიჭირს,

ჯერ შენ მყავხარ იმედად და ფარად.

გაკვირდები და ერთ რამეს ვფიქრობ,

რამდენია ქვიშის თავზე წყალი.

ღმერთო! დიდხანს შემარჩინე სითბო

დედის ფრთის ქვეშ შეყუჟული ქალის…

11 Comments

Filed under ფიქრები

სიყვარული

      ”ძილი ნებისა”,  ასე დამიმთავრებია ჩემი წინა პოსტი და გამოქვეყნების  თარიღს  რომ შევხედე, ”რამდენი მძინებია-მეთქი”…  ამდენი ძილის მიზეზიც მქონდა: აქეთ ოჯახი, იქით მოსწავლეები, სამსახურიც ემატება და ჩემთვის, მარტოობისთვის, დრო აღარ მრჩება;  ვითომ ვწუწუნებ?! 

             ფიქრები – აქ ხომ მაინც შეიძლება ადამიანი მარტო იყოს,მაგრამ არც აქ მტოვებენ მარტო  🙂  არა აქვს მნიშვნელობა რაზე, როგორ, სად, რატომ ვფიქრობ – სათითაოდ (თან რამდენი არიან  🙂 ) ყველამ უნდა დამისვას კითხვა : დე, (ან ცუცა, ესე ზურა მომმართავს)  რა იყო? რაზე ფიქრობ?  რატომ ხარ მოწყენილი?  ვინ გაგაბრაზა? 

 -არავინ!  

– აბა, ცუდ ხასიათზე რატომ ხარ?  

 -არა ვარ, ვფიქრობ. 

 -რაზე?  

-არაფერზე!

-მაინც?

-სიყვარულზე!

          ამის შემდეგ მანებებენ თავს, რადგან მათაც იციან, რომ რაზეც არ უნდა იფიქრო, ყველაფერს სიყვარული უდევს საფუძვლად. თუ ქმარი  არ გიყვარს, რატომ იფიქრებ მასზე, მაშინაც კი როცა შენს გვერდით არის; შვილი თუ არ გიყვარს, რატომ ფიქრობ და წუხარ მასზე?  მოსწავლე (ჩემ შემთხვევაში) თუ არ გიყვარს, რატომ ნერვიულობ მასზე?  ქვეყანა თუ არ გიყვარს, რატომ გტკივა ასე? და… უსასრულოდ შეიძლება გაგრძელება…  (ჩვენი ოჯახის  შემთხვევაში მხოლოდ მოვალეობებზე დამყარებული ურთიერთობები და გრძნობები გამოირიცხება!  ნუ შემეკამათებით  🙂 , თუმცა მოვალეობებიც  არ გვავიწყდება.) 

      გუშინ საბაც გავაბრაზე, გინდა თუ არა მითხარი, რამდენი ქულა მიიღე-მეთქი.  😦 დილით მისი პოსტი რომ წავიკითხე, ჩემს თავზე გავბრაზდი, რატომ მოვუშალე ნერვები-მეთქი, მაგრამ რა ვქნა, დედა ვარ და მითხარი რა, რამდენი ქულა მიიღე?   😀  😀  😀   

                 რახან პოსტს ვწერ ე.ი. თქვენც ძალიან მიყვარხართ!  🙂 

7 Comments

Filed under ფიქრები