Tag Archives: სააკაშვილი

სამშობლოს მონატრება

       ვფიქრობდი, აღარაფერს დავწერდი მიტინგებსა და ხელისუფლების მარაზმზე,მაგრამ რასაც ახლა ვუყურებ ტელევიზორში აუტანელია,ყოველ შემთხვევაში ჩემთვის.

     ერთნიცა და მეორენიც უფლისა და ხალხის სახელით ლაპარაკობს, ცდილობენ, თავს მოგვახვიონ თავიანთი აბსურდული მოწოდებები და მიმდინარეობს გამწარებული ხალხით მანიპულირება.როდემდის? თან ვფიქრობ, იქნებ მე ვერა ვარ-მეთქი?! დამეხმარეთ,გამაგებინეთ მე ვაფრენ თუ ისინი?

      ქვეყანა თავზე გვენგრევა და ხელისუფლება სირაქლემის პოზაშია, პოლიკნინიკებში დადის, უმუშევრობის შესახებ მთავრობის სხდომას მართავს,ნატოთი და ნაბუკოთი  გვაბოლებს,ოპოზიცია – რუსთაველს კეტავს, გლეხები მიწას მოწყვიტა და თბილისში ჩამოიყვანა, ხატი ”დაამონტაჟა”  (მაინტერესებს,ეს მკრეხელობა არ არის?), უზენაესი საბჭოს აღდგენა სურს(გუბაზ სანიკიძის მოსაზრება), ლოცულობს და საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავს,თუმცა იმავე დირეს ”მათ” თვალში ხედავს. მგონი, გამოაცლიან ერთმანეთს დირეს და სულ თავში გვირტყამენ,კოჭებში ეტყობათ. ორივე მხარისთვის მიუღებელია ოდნავ განსხვავებული აზრიც (გაიხსენეთ,შ. ადამაშვილი ან დავით სოკოლოვს რა უქნა დახვეწილმა სალომემ ).

                         გამაგებინეთ,მე ვაფრენ თუ ისინი?

         ”ხალხმა სიყვარული დაკარგა. თავისუფლების,სამშობლოს, სახელმწიფოებრიობის სიყვარული…..ერი დაემსგავსა საძოვარზე მიშვებულ ნახირს,რომელსაც მხოლოდ ერთი საქმე აქვს – სძოვოს. ..რანი ვართ: სიმართლე უნდა მოგახსენოთ: საძოვარზე გადაგდებული, გათითოკაცებული, ყოფილი ერი.”  

                                      გაუფრთხილდით საქართველოს!

%(count)s კომენტარი

Filed under სხვადასხვა

აპკისტანელი სიძე-სიდედრი

(პიესის მსგავსი რაღაც)

მოქმედი გმირები: სიძე და მისი მეგობრები(მიშა და ხელისუფლება), გათხოვილი ქალიშვილი(საზოგადოება), სიდედრი(ოპოზიცია) და კიდევ ვისაც არ ეზარება.

სიდედრმა თავიდანვე იცოდა, რომ სიძე არ გამოადგებოდა (ყოველ შემთხვევაში მეზობლებთან ასე ამბობს),მაგრამ თურმე ისე მოსწონდა, ისე იყო ქალიშვილი მოხიბლული ”ბიჭით,” წინააღმდეგობა თითქმის არ გაუწევია. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა: ყოველ დღე ჰოლანდიურ ვარდებს ჩუქნიდა, სახლამდე მისასვლელი გზა და ლამპიონებიც შეაკეთა. (ჰო, დამავიწყდა, მეთქვა, სიძე ჩასიძებული იყო ანუ მიყვანილი სახლში.) ეგებ, ვცდებოდიო, ფიქრობდა სიდედრი, მგონი, გამოსწორდა, არც თუ ისეთი სულელიაო და ცოტა ხნით მიყუჩდა. სიძემ როგორც კი მოყვრებისა და მეზობლების სიყვარულ-პატივისცემა დაინახა, გაშალა ხელები, მაგრამ რა გაშალა… ყველაფრის ბატონ-პატრონად ჩათვალა თავი!!! ოჯახში თუ ვინმე გაუტ…, მეგობრებს ეუბნებოდა, ისინიც არ აყოვნებდნენ და… ყოველდღე ნაცემ-ნაბეგვი ოჯახის წევრების დანახვაზე სიძე თავს გადააქნევდა, დაამშვიდებდა მათ, აუცილებლად ვნახავ ვინ იყო, თქვენ უპატრონო ხომ არ ჰგონიხართ ვინმესო, მაგრამ … თანდათან ხელი აიღო ოჯახზე, ხან სად იყო და ხან სად, მეგობრებს გადააბარა მასზე ზრუნვა.

სიდედრი დუღდა,მაგრამ ქალიშვილს უყვარდა ”ნამეტნავად”, ყველაფერზე თვალს ხუჭავდა, (სიყვარულს რას გაუგებ,ჩემო ოლღა!). რა ექნა სიდედრსაც,ახლა გამოფხიზლდება, ახლა გამოფხიზლდებას ფიქრში, ერთხელაც შემოუვარდათ მთვრალი პეტკა სახლში და გააბახა სიდედრ-ქალიშვილი ერთად. გაგიჟდა სიდედრი, ბრდღვნიდა ყველაფერს, მაგრამ მოითმინა პატარა ხანას, გავაგდოთ პეტკა სახლიდან და მერე მივხედავ სიძესო.

აყვირდა, აბობოქრდა სიდედრი, მაგრამ ქალიშვილში მოხდა რაღაც, თან უნდა რომ გაშორდეს და თან ეცოდება თუ კიდევ სჯერა ვერ გაურკვევია. ჰოდა, დგას ასე ორად გახლეჩილი ქალიშვილი და არ იცის რა ქნას. მისი ერთი ნაწილი განრისხებულია, სიძის ნაჩუქარი მანდილიც კი გადააგდო და დგას ასე მანდილმოხდილი, ნატვრის ხესავით სხვადასხვა ნაჭრებით თავდამშვენებული… მეზობლები კი სეირს უყურებენ….

დატოვე კომენტარი

Filed under პოლიტიკა