Tag Archives: პოლიტიკა

შიში და სირცხვილი

 

              დიდი ხანია პოსტი აღარ დამიწერია, დრო თითქმის აღარ მაქვს გამოცდების მოახლოების გამო, მაგრამ ძალიან მეტკინა გული და აჰა:

      გუშინ  ვიყავი ოთხი წლის უნახავ ბავშვობის მეგობართან(უცხოეთში ცხოვრობს და ხშირად ვერ ახერხებს ჩამოსვლას). მონატრებული და გახარებული მივდიოდი,მოვეფერები და მოვესიყვარულები ჩემს ბუთხუზას-მეთქი… ელოსთან  ყოველთვის კარგად გრძნობ თავს, მის ირგვლივ სულ ხალისი და სიმშვიდეა. გუშინ კი შემეშინდა, ელოსი არა,ადამიანების დაკარგვის შემეშინდა…

       ერთ-ერთ პოსტში ვწერდი პოლიტიკაზე აღარ დავწერ-მეთქი, მაგრამ…ელოსთან მისულს დამხვდენენ მისი კლასელები და კურსელები, რომელთანაც  კარგი ურთიერთობა მაქვს და ძალიან მიყვარან. კოცნა-პროშნის, მოკითხვა-”მიკითხვის”, რამდენი ხანია არ მინახავხარისა და როგორ ხართ ოჯახშის შემდეგ საუბარი დაიწყო პოლიტიკაზე. დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო!  ”-გაიგე, მაესტრო და კავკასია დახურეს!”   ”- ეგ ნაძირლები! სიმართლის ერთდერთი წყაროც დაგვიხურეს?”    ” კი მაგრამ, მათ ხომ თავად შეწყვიტეს მაუწყებლობა”- მორიდებით თქვა ჩემნაირმა( ნეიტრალები კი არა  არაცერთისტები,მგონი საღად მოაზროვნენი,ღრმადმორწუნენი და არა ბრმადმორწმუნენი, შეიძლება ვცდები). უცებ ამის პასუხად  ” – ე. ი. ასე იყო საჭირო, ახალი ტაქტიკაა ნამდვილად!”  ელოს წინააღმდეგობას, ” რა სისულელეა, ასე ბრძოლა როგორ შეიძლებაო”,  ქოქოლა მოჰყვა, ”შენ ჯერ არაფერი იცი, დარწმუნებული ვართ, ერთ კვირში ჩვენ გვერდით დადგებიო”. 

        ერთი პერიოდი გადავწყვიტე, მათ საუბარში ჩავრეულიყავი, მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან ბევრი რამ არ მომწონს ხელისუფლების, მტკივა და მაწუხებს თითქმის ყველა ის პრობლემა, რომელთა გამოც ხალხი ქუჩაშია გამოსული, მაგრამ ჩემთვის  მიუღებელია სტადიონზე  ” გმირების ხაშლამასავით ჩამოტარება”, ეკლესიით მანიპულირება… მაგრამ  თავი შევიკავე, მოვერიდე მათთან ურთიერთობის დაძაბვას, რისი კონტურებიც ჩანდა, წინა საღამოს ელოს მამასა (ე.წ. მიშისტი) და ძმას(ოპოზიცია) პოლიტიკის გამო კინაღამ დაუხოცავთ ერთმანეთი. შემეშინდა … სახლში დაბრუნებულს კი საკუთარი თავის შემრცხვა, ელოსთან ნამდვილად ნეიტრალური პოზიცია დავიკავე!   

      მუშნი ზარანდიასა და  ”აიდა, მოიდა ზურაბიიიის” გამო როდემდე უნდა ვიყოთ ასეთ მდგომარეობაში?!   😦

Advertisements

7 Comments

Filed under ზოგადი, პოლიტიკა

ძირს პოლიტიკა

გაზაფხულია და მგონი, ისე გადის,ვერც შევამჩნიეთ. 😦 მთელი ქვეყანა პოლიტიკაშია ჩართული, ოპოზიცია- ხელისუფლებაზე  საუბრობს ყველა და ყველგან: სახლში,სამსახურში, სკოლაში, ქუჩაში ხომ თავისთავად, ტრანსპორტში და მგონი საზოგადოებრივ ტუალეტებშიც კი.

რისი ბრალია, ბატონებო, ეს? პოლიტიკური უმეცრებისა და, უფრო მეტად კი, იმის რომ პოლიტიკოსები არ გვყავს. ”ვაი პოლიტიკოსების” პოლიტიკურ ბრძოლაში  მთელი ერი ჩაერთო და გავხდით ”პოლიტქვეყანა,” ნეტავ, ქვეცნობიერად  პოლიტბიუროს მონატრება ხომ არ არის?!  😦

მოკლედ თავი რომ არ შეგაწყინოთ, ძალაში ვტოვებ ჩემს წინადადებას  ”ტელემთავრობის” შესახებ ( იხ.ძველი პოსტი,რა თქმა უნდა,თუ სურვილი გაქვთ). აღარ დავწერ პოსტებს  პოლიტიკაზე, არ გვაკლია  პოლიტჟურნალისტები  და მათი პოლიტიკური ”ანალიზები.”  ისე,  რამდენი სიტყვა გვქონია პოლიტიკასთან დაკავშირებული: პოლიტინფორმაცია, პოლიტტიპაჟი :), პოლიტმეცადინეობა, პოლიტორგანო (ეს შეეფერება დღევანდელ მდგომარეობას), პოლიტსემინარია და ვინ იცის კიდევ რამდენი…)  ძირს პოლიტიკა, გაუმარჯოს ფიქრს, განსჯას და თავისუფლებას. ყველამ ჩვენ-ჩვენი გასაკეთებელი საქმე გავაკეთოთ და ასე მოვიხადოთ ვალი ქვეყნის წინაშე: ვიშრომოთ, ვისწავლოთ, გავზარდოთ შვილები…

გაზაფხულია და მგონი, ისე გადის, ვერ შევამჩნიეთ…

გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი…

3 Comments

Filed under პოლიტიკა, Uncategorized

ტელემთავრობა

        უამრავი  ტელეპროექტით არის ”დახუნძლულუ” ჩვენი ტელევიზიები, იქნებ გვეფიქრა და  ე. წ. საზოგადოებრივი ტელევიზიის მეორე არხზე ჩვენი, ხალხის, მოთხოვნით გავაკეთებინოთ რეალითი-შოუ  ”ტელემთავრობა”. ( ფულს ხომ ჩვენ ვიხდით, არ გვინდა ,ბატონო, ”დაკარგული,გაქცეული, ველური სიყვარულის” ყურება). ვისაც სურვილი და ამბიცია აქვს,რომ ქვეყნის მართვა და პატრონობა შეუძლია, მიიღებდა ამ პროექტში მონაწილეობას. (ფორმატსა და ხანგრძლივობაზე მსჯელობაა საჭირო, ალბათ, я так думаю!) დავაკვირდებოდით,  შევარჩევდით  და დავნიშნავდით!აბა, არჩევნებით არაფერი გამოგვდის და რა ვქნათ?! თან ტელევიზიას შეჩვეულები იქნებიან უკვე და იმედია, პიარისთვის აღარ ირბენენ აქეთ-იქით. ოთხი წელი ვუძლებთ მათ სისულელეებს და პროექტში ვერ გავუძლებთ!

        დე, მე მგონი ვფილოსოფოსობ არა? 🙂

2 Comments

Filed under ფიქრები, Uncategorized

”კარცერი-ლუქსი”პოლიტიკოსებისათვის

პრეზიდენტის სტუმრობამ გურამ დოჩანაშვილთან ღიმილი მომგვარა და დოჩანაშვილისეული აზრი მომივიდა თავში. ვასიკო კეჟერაძე და კლიმი ოცნებობენ  ჰქონდეთ ”კარცერი-ლუქსი,” რომელშიც უწიგნურებს ძალდატანებით ჩასვამენ და კითხვას დააწყებინებენ, ადამიანებად რომ აქციონ!

ეგებ ჩვენც გვეფიქრა და შეგვექმნა ”კარცერი-ლუქსი” პოლიტიკოსებისათვის. მოვათავსებდით ”ევრო-ამერიკულად”გარემონტებულ კარცერში პოლიტიკოსებს, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ცოტა რუსული ელემენტების შეტანაც, ვინმეს გული რომ არ დავწყვიტოთ და მივუშვებდით ნებაზე. იქ უნდა იყვნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ”გამოჩენილი” მოღვაწეები, ალბათ, სულ 200 კაცი აღმოჩნდება ასეთი. შევუყვანოთ მათთვის სასურველი ჟურნალისტები, შევუტანოთ  ”საღებავიანი”იარაღიც, ჰო, ”მასაჟისტი” არ დაგვავიწყდეს და იცხოვრებენ ისინი თავისთვის და ჩვენ ჩვენთვის. მოუწყობენ ერთმანეთს მიტინგებს, რევოლუციებს, შეთქმულებებს. დაიჭერენ ერთმანეთს, ხან ერთნი იქნებიან ხელისუფლებაში და ხან მეორენი. იცხოვრებენ და გაიხარებენ, ჩვენ კი ავაშენებთ ქვეყანას!  მათი შენახვა გაცილებით იაფი იქნება, ვიდრე ეხლაა!

ნეტარ არიან მორწმუნენი!!!!!!!!

4 Comments

Filed under იდეა, პოლიტიკა