Tag Archives: მოსწავლე

8+1

რა შემთხვევაში გაამართლებს ნაჩქარევად მიღებული 8+1?
თუ ამაღლდება სკოლაში განათლების დონე!
ყველამ ძალიან კარგად ვიცით, სკოლაში ბავშვი დააბრუნა არა სწავლის დონემ, არამედ შიშმა, რომ დაბალ კლასებში გაცდენების გამო გამოცდების ჩაბარება მოუწევს, ხოლო მე-12 კლასელს სატესტატო გამოცდებზე არ დაუშვებენ – ეს რაც შეეხება ბავშვების სკოლაში დაბრუნებას.
ბევრ ქვეყანაში მხოლოდ საატესტატო გამოცდებია და მის საფუძველზე ირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში. ამ ქვეყნებში გამოცდების ასეთი სისტემა წლების განმავლობაში მუშავდებოდა და იხვეწებოდა.
ნამდვილად ძალიან კარგი იქნება, ამდენი გამოცდის ნაცვლად თუ უფრო ცოტას ჩააბარებენ ჩვენი აბიტურიენტები, მაგრამ, ვფიქრობ, ეს უნდა მოხდეს ტესტებისა და შეფასების კრიტერიუმების გადახედვის შემდეგ. ალბათ სასურველია, სასურველი კი არა აუცილებელია:
1. საატესტატო გამოცდებზე ბარიერის გაზრდა;
2. ე. წ. დახურულბოლოიან კითხვებს დაემატოს ღია კითხვები;
3. უნდა იყოს ტესტების სხვადასხვა ვარიანტი (იმდენი რამდენი სესიაც იმართება), რათა არ განმეორდეს კითხვები და ბოლო სესიაზე შესული ბავშვი არ აღმოჩნდეს შედარებით მომგებიან სიტუაციაში და ა. შ. და ა. შ.
თუ ჩვენ დინებას მივანდობთ ქართულ ენას და ვერ შევძლებთ ახალგაზრდის წერის კულტურის დონის შემოწმებას, მივიღებთ სპეციალისტს, რომელიც ასეთი მარგალიტებით “გაგვამდიდრებს”:
ა) „ოთახში დაგვხვდა მწოლიარე გვამი, ხოლო ფეხზე იდგა გვამის შვილები.“ ( გენერალური პროკურატურის თანამშრომელი)
ბ)“ჩვენი სკოლა მართალია ნახმარია, მაგრამ კარგად შენახული;
ჩვენი სკოლა ემსახურება მხოლოდ 4 კმ რადიუსის მქონე ბავშვებს;
ჩვენი სკოლის ისტორიის მასწავლებელი 64 წლისაა. მიუხედავად ამისა, სურს ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ამიტომაც გთხოვთ გადაგვიმზადოთ;“( სკოლის დირექტორთა მსურველები)
გ) „გრიგოლ ხანძთელის ჰობი იყო აბანოების და ტაძრების მშენებლობა; აღთქმა ეს არის წყევლა, ხოლო აღქმა – ყვირილი; პოეტს რად უნდა ტაში, ის ხომ ისედაც ტაშდაკრულია;“(მასწავლებელი)
დ) “მიხეილ ჯავახიშვილი ორჯერ გარუსულდა და მერე თავიდან ისწავლა მშობლიური ქართველოლოგია;“(მოსწავლე)
საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ:“სხვადასხვა წყაროებით, პარლამენტის ახალი შენობის უკან მშენებარე დამხმარე ნაგებობაში ხარაჩო ჩამოიშალა, მეორე ვერსიით კი, პარლამენტის ერთ-ერთი ფლიგელი ჩამოინგრა.ქუთაისის პარლამენტში ნგრევის შედეგად ერთი მუშა დაიღუპა.”
განათლების სისტემაში სიჩქარემ შეიძლება ქვეყანა დაანგრიოს და დაღუპოს.
დავიჯერო, ეს გვინდა?
!

დატოვე კომენტარი

Filed under სხვადასხვა

ჩემეული „ლურჯა ცხენები

ბლოგზე   პოსტები  ძირითადად გრამატიკის შესახებ მქონდა. ახლა კი მინდა შემოგთვაზოთ    „ლურჯა ცხენების“   წაკითხვის  ჩემეული  ვერსია.

მოსწავლეებთან   გალაკტიონის  გაანალიზებისას ხშირად  წავწყდომილვარ მათში(მოსწავლეებში) გაურკვევლობას,  სირთულეს, წინააღმდეგობას…  გალაკტიონის ბოლომდე, სიღრმეში დამალულ   შრემდე ჩაღწევა  რთულია, მის პოეზიაში ხომ იშვიათად ვითრდება ე.წ. სიუჟეტი. გალაკტიონი უნდა შეიგრძნო, გაშიშვლებულ ნერვს ჰგავს, მელოდია გესმის,   შენში შემოდის და  ერთი მთლიანი ხდები მის პოეზიაში, ოღონდ შენ იმ მთელის პატარა, უმნიშვნელო ნამცეცი ხარ, დანარჩენი პოეზიაა;  შენ  კი გგონია, რახან  გამთლიანდი  თანაბარი  ნაწილი ხარ, მაგრამ უცებ ამოგიტივტივდება  მისი “ რომ მეფე ვარ… “  და მაშინვე შეიგრძნობ რამდენად პატარა , უმნიშვნელო,  მაგრამ ამავე დროს დიდიც  ხარ…

სამყარო  ერთი „მთლიანია“  „ უთვალავი ფერით“ შექმნილი, ამ მთლიანობაში კი  შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,/საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის  დიდი მარგი,/კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი; “  ვფიქრობ,  „ლურჯა  ცხენები“   ყველაზე მეტად ადასტურებს ამას, რადგან თავად ლექსში გვაქვს მოცემული ორი ნაწილი, რომელიც ერთ მთლიანს  გვაძლევს:1/2+1/2= 1  ამქვეყნიური + იმქვეყნიური = სამყაროს. ( ლექსი ორ ნაწილად არის გაყოფილი, შუაზე)

აბა, ნახეთ:  #1

როგორც ნისლის ნამქერი,
ელვარებდა ნაპირი !
არ ჩანდა შენაპირი,
ცივ და მიუსაფარი
მდუმარების გარეშე!
სამუდამო მხარეში
ცეცხლი არ კრთის თვალებში,
წევხარ ცივ სამარეში.
შეშლილი სახეების
უსულდგმულო დღეები
სიზმარიან ჩვენებით
ჩემთან მოესვენებით!
იჩქარიან წამები,
ცრემლით არ ინამება.
გაქრა ვნება-წამება,
ვით სულის ხმოვანება.
ვით ცეცხლის ხეტიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!
ყვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია!
ახლა კი სამარეა შენი განსასვენები!
რომელი სცნობს შენს სახეს,
ვინ გაიგებს შენს ძახილს,
ვერავინ განუგეშებს
სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს!
მხოლოდ შუქთა კამარა
მშრალ რიცხვების ამარა
შეშლილი სახეების
უსულდგმულო დღეები
მხოლოდ ნისლის თარეშში,
ზევით თუ სამარეში,
როგორც ზღვის ხეტიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!

#2

ჩამავალ მზით ნაფერი,
სამუდამო მხარეში,
ვერ ვნახე ვერაფერი,
მდუმარების გარეშე.
სიცივის თარეშში
მხოლოდ სიმწუხარეა!
წევხარ ცივ სამარეში,
და არც სულს უხარია.
ჩონჩხიანი ტყეებით
რბიან, მიიჩქარიან,
ჩემი ლურჯა ცხენებით
ყველანი აქ არიან!
მე კი არ მენანება,
სამუდამო ბალიში;
როგორც ღამის ზმანება,
ლოცვის სიმხურვალეში.
როგორც ბედის ტრიალი,
ჰქრიან ლურჯა ცხენები!
არც შვება-სიზმარია,
შენი განსასვენები!
ან ვინ იტყვის, შენს სახელს?
ძახილს ვინ დაიჯერებს?
საოცრების უბეში,
სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს!
ვერაფერმა დაფარა:
უდაბნოში ღელდება!
ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება.
სამუდამო მხარეში,
წყევლით შენაჩვენები,
როგორც ბედის ტრიალი,
ჰქრიან ლურჯა ცხენები!

 #3  (ორიგინალი)

როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე.

მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში
სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!
ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,
წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია.

შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან!
სიზმარიან ჩვენებით – ჩემი ლურჯა ცხენებით
ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან!

იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება:
ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში;
გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება,
ვით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში.

ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!
ყვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია!
ახლა კი სამარეა შენი განსასვენები!

რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის, შენს სახელს?
ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ დაიჯერებს?
ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში,
სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს!

მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა:
მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება!
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება.

მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში,
ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები,
როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!

ლექსი ჯვარედინად იკითხება
#4
როგორც ნისლის ნამქერი,
სამუდამო მხარეში!
არ ჩანდა შენაპირი,
მდუმარების გარეშე.
მდუმარების გარეშე
მხოლოდ სიმწუხარეა!
ცეცხლი არ კრთის თვალებში,
და არც სულს უხარია.
შეშლილი სახეები
რბიან, მიიჩქარიან!
სიზმარიან ჩვენებით –
ყველანი აქ არიან!
იჩქარიან წამები,
სამუდამო ბალიში;
გაქრა ვნება-წამება,
ლოცვის სიმხურვალეში.
ვით ცეცხლის ხეტიალი,
ჰქრიან ლურჯა ცხენები!
ყვავილნი არ არიან,
შენი განსასვენები!
რომელი სცნობს შენს სახეს,
ძახილს ვინ დაიჯერებს?
ვერავინ განუგეშებს გამოუცნობ ქიმერებს!
მხოლოდ შუქთა კამარა
უდაბნოში ღელდება!
შეშლილი სახეები ჩნდება და ქვესკნელდება.
მხოლოდ ნისლის თარეშში, წყევლით შენაჩვენები,
როგორც ზღვის ხეტიალი,
ჰქრიან ლურჯა ცხენები!

#5
ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი!
ვერ ვნახე ვერაფერი,
ცივ და მიუსაფარი .
სიცივის თარეშში
სამუდამო მხარეში ,
წევხარ ცივ სამარეში,
და არც სულს უხარია.
ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები
ჩემი ლურჯა ცხენებით
ჩემთან მოესვენებით!
მე კი არ მენანება:
ცრემლით არ ინამება როგორც ღამის ზმანება,
ვით სულის ხმოვანება.
როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით
არც შვება-სიზმარია!
ახლა კი სამარეა!
ან ვინ იტყვის, შენს სახელს?
ვინ გაიგებს შენს ძახილს,
საოცრების უბეში,
სძინავთ ბნელ ხვეულებში !
ვერაფერმა დაფარა:
მშრალ რიცხვების ამარა
ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები .
სამუდამო მხარეში,
ზევით თუ სამარეში,
როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!

ლექსი კიდევ შეგიძლიათ წაიკითხოთ სტრიქონ გამოტოვებით!

3 Comments

Filed under ლიტერატურა

ინტერნეტმოსწავლე

     დიდი ხანია მოსწავლეები მყავს და ბავშვებთან ვმუშაობ, მაგრამ ინტერნეტით ჯერ ჩემთვის უცნობი მოსწავლე არ დამკავშირებია. გუშინ ბლოგის დათვალიერებისას დამხვდა კომენტარი:  ”ძალიან საინტერესო და საჭირო ბლოგი გაქვთ  🙂  თქვენი email-ის გაგება საიდან შეიძლება? ბლოგზე რატომ არ გაქვთ მითითებული   😦  ”  მერე   Facebook-ზე დავმეგობრდით(სხვათაშორის ბლოგერია), შევთანხმდით, მეწვია დღეს და შაბათიდან ვიწყებთ სწავლას. თუ მოგვეწონა ერთმანეთი, ჰო კარგი, თუ არა და დავრჩებით ინტერნეტმეგობრები.  🙂

   პირველი ინტერნეტმოსწავლეა და ამიტომ გადავწყვიტე ინტერნეტით ამის გავრცელება (ტავტოლოგიამ თუ გაგაღიზიანათ სოციალური ქსელები იგულისხმეთ და წაიკითხეთ 🙂  ).

 მაინც რა არის 21-ე საუკუნე   🙂 აბა, ბებიაჩემი ამას იფიქრებდა?   🙂

13 Comments

Filed under ზოგადი, შთაბეჭდილება