Tag Archives: მონატრება

ბებიაჩემი ასი წლისაა

დღეს სოფო ასი წლის გახდა.  ძალიან მენატრება  ჩემი ფუმფულა, თბილი, ტკბილი …     17 წელი გავიდა რაც აღარ მათბობს, ძალიან მტკივა და ძალიან მენატრება… ვწერ და ცრემლები მახრჩობს, ყურებში მისი ხმა მესმის, ყველასაგან გამორჩეულად მოგვმართავდა შვილიშვილებს: ზიზიტა, მაკუსინა, მინდუშა, საბუშკა,თორნო,ლაზრუშკა …სასაცილო ფრაზები ჰქონდა: „ ცივილიზა ბოზები,“ „შავი ლიმონათი“, სულ  უნდა  ჰქონოდა  ციტრამონი და ნაფტიზინი…

იცით რა ტკბილი და თბილი იყო… მენატრება… ახლაც,  ძალიან რომ გამიჭირდება,  ვგრძნობ როგორ მამშვიდებს, მაწყნარებს და მეუბნება : – აბა, დაფიქრდი, ღირს კი სანერვიულოდ, იქნებ ცივი გონებით უფრო მალე მოაგვარო…

სოფო, ძალიან მაკლიხარ და მენატრები…

სასწაული ქალი იყო, სოფლის პატრონი. ვინ იცის დღეში რამდენჯერ დაიძახებდნენ  ხოლმე- სონა ნათლია:  ბავშვს ხელი მოსტყდა,  მთელი ღამე სიცხე ჰქონდა,  ძროხა  აღარ იწველება, ქათამი მოკრუხდა და რა ვიცი, ვისაც რა აწუხებდა ყველა მასთან მოდიოდა. ექიმიც იყო და ვეტექიმიც, მასწავლებელიც და ადვოკატიც, მოკლედ სოფლის გაჭირვების ტალკვესი იყო…სულ მიკვირდა, როდის მოასწრო მთელი სოფლის მონათვლა-თქო და ცოტა რომ წამოვიზარდე, მივხვდი, რომ ყველა თავისიანად მიიჩნევდა… ამიტომ ეძახდნენ ნათლიას, ამით გამოხატავდენენ  მისდამი პატივისცემას, ყველაზე ახლობელი ხარო…

ქათმებსაც კი ელაპარაკებოდა დ ისინიც პასუხს სცემდნენ, ნუ იცინით, მართლა. ის კი არა სახელებს არქმევდა და ისე ეძახდა ხოლმე.  ერთხელ მამალი დაკოდა, უნდა გენახათ, რამხელა გაიზარდა და როგორ  დაბაჯბაჯებდა ეს მამალი ეზოში…

საღამოს გიტარა და რომანსები აივანზე…  აუ, რა გემრიელ კატლეტებს და კლიოცკის აკეთებდა…

სოფო, ძალიან მენატრები….

დღეს ბებიჩემი 100 წლის გახდა, ჩემი დისშვილი კი -10-ის, ვულოცავ მას  და ვუსურვებ,  ქეთი  დიდი   ბებიასავით   ჭკვიანი, ტკბილი  და  თბილი ყოფილიყოს!

სოფო, მიყვარხარ და მენატრები…

9 Comments

Filed under ზოგადი

დედა

     დღეს დედას დაბადების დღეა, ის კი საავადმყოფოში მოხვედრილა. თირკმელზე აქვს რაღაც გართულება თურმე. ვნერვიულობ,ვერაფრით ვერ ვეხმარები, გვერდითაც ვერ ვუდგები, ძალიან შორსაა.ვიცი, ჩემი და-ძმა ,საბა- იქ არიან და ყველაფერს გაუკეთებენ,მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ,ძალიან ვნერვიულობ; მენატრება, დედა მენატრება, მტკივა და მენატრება!  😦

       ღმერთო, უშველე ჩემს დედიკოს,დიდხანს მინდა, რომ ჩემთან იყოს!    

 

                                                                    დედას

                                        ტალღასავით გეხეთქები ხშირად,

როცა მეტყვი სიტყვას მკაცრს და მოჭრილს,

ხან დიდობა დაიგიმტკიცო მინდა,

ხან, უბრალოდ გაგიგორო კოჭი.

ზოგჯერ ვგავარ უმადურს და უძღებს,

შენგან მაინც მიტევებას ველი.

ცხოვრებისგან რამდენ დარტყმას უძლებ,

მე კი შენი მხრის მოდებაც მშველის.

ტალღასავით გეხეთქები ისევ,

რომ სიმყარე შევიძინო მერე.

ფილტვებს შენი ნამსხვრევები მივსებს,

 აღარ ვიმჩნევ ჩემს წლებს – შენს სიბერეს.

შენი თმენის და შენდობის ნიჭი,

ვიცი,მერე მეც რომ დამიფარავს,

მაგ სიმაღლეს ჯერ ამოსვლა მიჭირს,

ჯერ შენ მყავხარ იმედად და ფარად.

გაკვირდები და ერთ რამეს ვფიქრობ,

რამდენია ქვიშის თავზე წყალი.

ღმერთო! დიდხანს შემარჩინე სითბო

დედის ფრთის ქვეშ შეყუჟული ქალის…

11 Comments

Filed under ფიქრები