Tag Archives: მარგალიტები

8+1

რა შემთხვევაში გაამართლებს ნაჩქარევად მიღებული 8+1?
თუ ამაღლდება სკოლაში განათლების დონე!
ყველამ ძალიან კარგად ვიცით, სკოლაში ბავშვი დააბრუნა არა სწავლის დონემ, არამედ შიშმა, რომ დაბალ კლასებში გაცდენების გამო გამოცდების ჩაბარება მოუწევს, ხოლო მე-12 კლასელს სატესტატო გამოცდებზე არ დაუშვებენ – ეს რაც შეეხება ბავშვების სკოლაში დაბრუნებას.
ბევრ ქვეყანაში მხოლოდ საატესტატო გამოცდებია და მის საფუძველზე ირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში. ამ ქვეყნებში გამოცდების ასეთი სისტემა წლების განმავლობაში მუშავდებოდა და იხვეწებოდა.
ნამდვილად ძალიან კარგი იქნება, ამდენი გამოცდის ნაცვლად თუ უფრო ცოტას ჩააბარებენ ჩვენი აბიტურიენტები, მაგრამ, ვფიქრობ, ეს უნდა მოხდეს ტესტებისა და შეფასების კრიტერიუმების გადახედვის შემდეგ. ალბათ სასურველია, სასურველი კი არა აუცილებელია:
1. საატესტატო გამოცდებზე ბარიერის გაზრდა;
2. ე. წ. დახურულბოლოიან კითხვებს დაემატოს ღია კითხვები;
3. უნდა იყოს ტესტების სხვადასხვა ვარიანტი (იმდენი რამდენი სესიაც იმართება), რათა არ განმეორდეს კითხვები და ბოლო სესიაზე შესული ბავშვი არ აღმოჩნდეს შედარებით მომგებიან სიტუაციაში და ა. შ. და ა. შ.
თუ ჩვენ დინებას მივანდობთ ქართულ ენას და ვერ შევძლებთ ახალგაზრდის წერის კულტურის დონის შემოწმებას, მივიღებთ სპეციალისტს, რომელიც ასეთი მარგალიტებით “გაგვამდიდრებს”:
ა) „ოთახში დაგვხვდა მწოლიარე გვამი, ხოლო ფეხზე იდგა გვამის შვილები.“ ( გენერალური პროკურატურის თანამშრომელი)
ბ)“ჩვენი სკოლა მართალია ნახმარია, მაგრამ კარგად შენახული;
ჩვენი სკოლა ემსახურება მხოლოდ 4 კმ რადიუსის მქონე ბავშვებს;
ჩვენი სკოლის ისტორიის მასწავლებელი 64 წლისაა. მიუხედავად ამისა, სურს ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ამიტომაც გთხოვთ გადაგვიმზადოთ;“( სკოლის დირექტორთა მსურველები)
გ) „გრიგოლ ხანძთელის ჰობი იყო აბანოების და ტაძრების მშენებლობა; აღთქმა ეს არის წყევლა, ხოლო აღქმა – ყვირილი; პოეტს რად უნდა ტაში, ის ხომ ისედაც ტაშდაკრულია;“(მასწავლებელი)
დ) “მიხეილ ჯავახიშვილი ორჯერ გარუსულდა და მერე თავიდან ისწავლა მშობლიური ქართველოლოგია;“(მოსწავლე)
საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ:“სხვადასხვა წყაროებით, პარლამენტის ახალი შენობის უკან მშენებარე დამხმარე ნაგებობაში ხარაჩო ჩამოიშალა, მეორე ვერსიით კი, პარლამენტის ერთ-ერთი ფლიგელი ჩამოინგრა.ქუთაისის პარლამენტში ნგრევის შედეგად ერთი მუშა დაიღუპა.”
განათლების სისტემაში სიჩქარემ შეიძლება ქვეყანა დაანგრიოს და დაღუპოს.
დავიჯერო, ეს გვინდა?
!

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under სხვადასხვა

”მარგალიტები” თუ ცრემლები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა ქართულ ენას და ლიტერატურაში!

1.ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი. დაწერეთ მოკლე რეზიუმე.  ”გერონტი ქიქოძე, ტრაგიკული გრძნობა ნ. ბართშვილის ლირიკაში, გაზ. ”საქართველო”, 1916, №№260-261.

რამდენიმე პასუხი: ა. ” შოპენჰაუერი აღფრთოვანებული იყო ბარათშვილის შემოქმედებით, განსაკუთრებით მოსწონდა ”მერანი”.” ბ. ”ბევრი აქვთ საერთო ბარათაშვილსა და შოპენჰაუზსს.” გ. ”ბარათშვილი მოღვაწეობდა მე-9 საუკუნეში.”

2. მოკლედ ჩამოაყალიბეთ ერთ-ერთი პრინციპი, რომელიც საფუძვლად უდევს სალიტერატურო ენის ნორმების დადგენას.

ა. სასწავლო-ეროვნული გეგმა; ბ. სახელმწიფო კონსტიტუცია; გ. დიფთონგებისაგან ენის გათავისუფლება;  დ. უნდა ემყარებოდეს ენის ეკოლოგიის დაცვის პრინციპს!

3.რას უწოდებენ სიტყვათა წყვილს: აღქმა – აღთქმა? განმარტეთ ორივე სიტყვა.

ასეთ წყვილს ეწოდება: ტავტოლოგია; ტაფტალოგია; კალკი; პარანომია; აღქმა – არეკლვა; აღთქმა – ძველი აღთქმის გამოკვლევა; აღქმა -მცნების ცოდნა; აღთქმა- თვალით დანახული; აღქმა -გაიგო; აღთქმა – წარმოთქვა; აღთქმა -წყევლა; ” სიტყვათა წყვილს უწოდებთ ”აღქმა”, რათა აღთქმას არ უწოდებთ წყვილს!!!!!!!!” ”გამოკლევა ”აღქმა” არის სწორი მაგრამ თანხმოვნის შეცვლა ცვლის აზრს პარალომია ეწოდება აღთქმა”

4.მოსწავლემ დაწერა: არასამთავრობო ორგანიზაციამ საზოგადოებრივი აზრის შესწავლა მოახდინა. აუხსენით მას, რა სტილისტური ხარვეზი აქვს ამ წინადადებას.

ა. სიტყვათა არაადეკვატური დარღვეულია: საზ. აზრის შესწავლა ხდება და არა მოხდა; ბ. უნდა დააკონკრეტოს რომელმა ორგანიზაციამ მოახდინა შესწავლა; გ. სტილისტური ხარვეზია მოახდინა უნდა იყოს დაიწყო; დ. აღნიშნული წინადადების ხარვეზია მოახდინა. შესწავლა აღნიშნავს, რომ უკვე მოხდა; ე. ფარული ტავტოლოგია.

5.მოსწავლემ დაწერა:” იმათმა, უფროსებით ფრთშესხმულებმა, კონკურსისათვის მზადება დაიწყეს”. მიუთითეთ მას, რა შეცდომა დაუშვა. განუმარტეთ მოსწავლეს, რა უნდა იცოდეს, რომ არ დაუშვას ანალოგიური შეცდომა.

”იმათმა ისედაც მრავლობითშია და რათ უნდა მრავლობითის ნიშანი მა?”

6.  მოსწავლემ დაწერა: ”დავით აღმაშენებელმა სამშვილდე თურქებისაგან გაანთავისუფლა”. მიუთითეთ მას, რა შეცდომა დაუშვა. განუმარტეთ მოსწავლეს, რა უნდა იცოდეს, რომ არ დაუშვას ანალოგიური შეცდომა.

ა.უნდა იყოს: ”დავით აღმამშენებელი; ბ. დ. აღმაშენებელი; გ.მიუთითოს კონკრეტულად რა ადგილი; დ.როცა სახელი აღნიშნავს მასალას, მაშინ უნდა ნ ;  ე.ორთოგრაფიული შეცდომის გასწორებას, კერძოდ თ თნხმოვანის წინ ნ-ს ხმარება.”

7.. მოსწავლემ დაფაზე დაწერა შემდეგი ზმნები:” დაუწერია, ჩაუცვია, გაუწყვეტია”. გაასწორეთ შეცდომა  და  განუმარტეთ მოსწავლეს, რა უნდა იცოდეს, რომ არ დაუშვას ანალოგიური შეცდომა.

ა.” დაუწერავს, ჩაუცვამს, გადაუწყვეტავს.”  ბ. ” ვ სუბიექტური პირის ნიშანი დაერთვის: დავუწერია, ჩავუცვია, გავუწყვეტია.”

8. მოსწავლემ დაწერა: ”ხელოვნების მუზეუმში არაერთი ექსპონატია, რომლის რესტავრაციას დიდი თანხა სჭირდება.” მიუთითეთ მას, რა შეცდომა დაუშვა.

ა.”მოსწავლეს დაახლოებით უნდა ეთქვა თანხის რაოდენობა”; ” დიდი რათ უნდა თანხა ხომ ისედაც ბევრს აღნიშნავს?”  გ. ექსპონანტი.

9.თქვენი მიზანია, განვლილი მასალიდან გაახსენოთ მოსწავლეებს ის საკითხები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ქვემდებარული დამოკიდებული წინადადების არსის უკეთ გასააზრებლად...

” ქვემდებარული დამოკიდებული წინადადებაა – გაზაფხულის ნათელი, მზიანი დილა გათენდა.  ქვემდებარე ”დილა” დამოკიდებულია დროზე ”გაზაფხულის”.

10.წაიკითხეთ რეზო ინანიშვილის მინიატურა ”მარადიული პეიზაჟი”. გაანალიზეთ ტექსტი.

” მომხიბლელია ინანიშვილის პეიზაჟი, რა ჯობია იქ ყოფნას!”

11.წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მიზანია დაეხმაროთ მოსწავლეებს ამოიცნონ და გაიაზრონ შესასწავლი ტექსტების მხატვრული თავისებურებები. შეარჩიეთ ქვემოთ ჩამოთვლილ ტექსტთაგან ერთ-ერთი…

ა. (მოკლი ვარიანტი) ” დავდგამ სპექტაკლს…… დარბაზიდან შეძახილები ვარქსენისადმი : მოღალატე, მოღალატე!… აფერუმ შენ ქალობას შუშანიკ!”

                            სტილი ყველგან დაცულია. აფერუმ თქვენ!!!

6 Comments

Filed under შთაბეჭდილება

”მარგალიტები”

                                     

დამთავრდა ერთიანი ეროვნული გამოცდები, აბიტურიენტთა 80-85%  სტუდენტი გახდა. ვინ დარჩნენ ისევ აბიტურიენტებად? ალბათ, ამ მარგალიტების ავტორები:

  1. ყველას თუ არა უმრავლესობას, ალბათ, გახსოვთ ” გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში” ჯავახეთის კრების ეპიზოდი. ერთ-ერთ ვარიანტში სწორედ ამ ეპიზოდიდან იყო შეკითხვები ( გრიგოლისა და ეფრემის საუბარი); ა) განმარტეთ, რა მიზნით მოიშველია ეფრემმა არგუმენტი: ”ვერ ეგების ძმათა ჩემთა ეპისკოპოსთა ცილობაი…” აბიტურიენტთა 10% წერდა: ”ეფრემმა არსენს ცოლობაზე უარი უთხრა”.

        ბ) განმარტეთ, რა იგულისხმება გადატანითი მნიშვნელობით ეფრემის სიტყვებში: ”არა ვარ… არსენის ცხოვარი და არცა იგი – ჩემი მწყემსი”.  პასუხი ასეთი იყო: ”მე და არსენი  და-ძმა არა ვართო”.

2.      დავით გურამიშვილის ”დავითიანი”:   ”……  მიველ და მაშიგ უკუვსძვერ, ვმადლობდი მხოლოდშობილსა”(სტროფი მთლიანად იყო მოცემული). კითხვა: დაასახელეთ, ვის უხდიდა მადლობას ავტორი? პასუხი – საყვარელ დედიკოს.

  1.  ერთ-ერთ ვარიანტში წერით დავალებად მოცემული იყო ნაწყვეტი პაოლო იაშვილის     მოთხრობიდან ” ფერადი ბუშტები (სანტიმენტალური ამბავი)”.  მარგალიტი – ”ავტორმა აღწერა იმდროინდელი მათხოვრების ეხლანდელი  მდგომარეობა”. 
  2. გალაკტიონის ”მერი” – ”ავტორი  მერიში გულისხმობს ბედკრულ საქართველოს”.
  3. გურამ დოჩანაშვილის ” სამოსელი პირველი” –  ” ავტორმა საოპერაციო მაგიდაზე მოათავსა მრავალჭირგადატანილი საქართველო და მძაფრი ფერებით ოპერაციის მთელი მსვლელობა აგვიწერა”.   ”ავტორმა ნაწარმოების პროლოგში პერსონაჟის ეპილოგი დაგვიხატა”. 
  4. გრიგოლ რობაქიძის ” ჩაკლული სული” –  ”სპილბერგის უჟასებიც კი ანგელოზებად მოგეჩვენებათ სტალინთან შედარებით”.

ეს მხოლოდ ნაწილია ”მარგალიტების” .

   ახლა მინდა შემოგთავაზოთ გონებაგახსნილი, მაგრამ უპასუხისმგებლო აბიტურიენტის შედევრი ე.წ. ფუნქციურ წერაში. მან ვერ დააკმაყოფილა ვერც  ერთი კრიტერიუმი, რომლითაც უნდა შეფასებულიყო და ამ ნაშრომში მიიღო 0 ქულა:   

                            ” ბავშვთა დაცვის ფონდ ”ჩინგიზ ყაენის პირად გვარდიას”                     ჩვენი მიმართვა

   ვაპირებთ გავაკეთოთ, დავასუფთაოთ, მივალაგოთ და  მოვალაგოთ ჩვენი სკოლა. არ გთხოვთ ფრიად ღრმააზროვან დიდაქტიკას მოსახმარებლად, მაგრამ თუ დაგვეხმარებით და, ცოცხებს გვათხოვებთ კარგს იზამთ.იმიტომ, რომ შიშველი ხელებით ცოტა გვიჭირს მოხვეტვა.გარდა ამისა, ეგზომ ფუმფულა მამრი, ბენდუქიძედ წოდებული, შვილად მომიხსენიებს და ძალმიძს ბავშვთა დაცვის ფონდიდან პარმლამენტში გიჩალიჩოთ რამე.

    გაჩალიჩება – არს ესევითარი მსგავსებაჲ საქმისა, დაღაცათუ უკუეთესი რადგან ხვალ გივიას. ბაბუის ორმოცია, მაშ ზეგ დავიწყოთ შრომა-საქმიანობა და თუ ბლომდე ვიქნებით, იქნება და ქე წამიკრათ ხელი რაცხა პაწიაზე, ყანა მაქ სათოხნი, იმიტომ,რომ მერე უნივერსიტეტში მეჩქარება, ლექციებს ვკითხულობ თემაზე: ” პოსტგნოსეოლოგიური ჭრილი  დიდაქტიკურ წნეხთან მიმართებით განიცდის თუ არა ზემძლავრ გამოსხივებას თუკი მას დავაკომპენსირებთ ეტიმოლოგიური დიაფრაგმის პროცენტული შემადგენლობით ქრომოსომათა სუბორდინაციულ სენსორზე?

     მოკლედ მიეცით და მოგეცემათ ანუ გვიბოძეთ ცოცხები და გიბოძებთ სუფთა გარემოს

                        დავშთები სიღრმისეული კდემამოსილებით მარად თქვენი…

P.S. ერთ ქულაზე თანახმა ვარ. თქვენ?

აბიტურიენტთა სტილი ყველგან დაცულია.

17 Comments

Filed under ზოგადი