Tag Archives: დოჩანაშვილი

”მარგალიტები”

                                     

დამთავრდა ერთიანი ეროვნული გამოცდები, აბიტურიენტთა 80-85%  სტუდენტი გახდა. ვინ დარჩნენ ისევ აბიტურიენტებად? ალბათ, ამ მარგალიტების ავტორები:

  1. ყველას თუ არა უმრავლესობას, ალბათ, გახსოვთ ” გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში” ჯავახეთის კრების ეპიზოდი. ერთ-ერთ ვარიანტში სწორედ ამ ეპიზოდიდან იყო შეკითხვები ( გრიგოლისა და ეფრემის საუბარი); ა) განმარტეთ, რა მიზნით მოიშველია ეფრემმა არგუმენტი: ”ვერ ეგების ძმათა ჩემთა ეპისკოპოსთა ცილობაი…” აბიტურიენტთა 10% წერდა: ”ეფრემმა არსენს ცოლობაზე უარი უთხრა”.

        ბ) განმარტეთ, რა იგულისხმება გადატანითი მნიშვნელობით ეფრემის სიტყვებში: ”არა ვარ… არსენის ცხოვარი და არცა იგი – ჩემი მწყემსი”.  პასუხი ასეთი იყო: ”მე და არსენი  და-ძმა არა ვართო”.

2.      დავით გურამიშვილის ”დავითიანი”:   ”……  მიველ და მაშიგ უკუვსძვერ, ვმადლობდი მხოლოდშობილსა”(სტროფი მთლიანად იყო მოცემული). კითხვა: დაასახელეთ, ვის უხდიდა მადლობას ავტორი? პასუხი – საყვარელ დედიკოს.

  1.  ერთ-ერთ ვარიანტში წერით დავალებად მოცემული იყო ნაწყვეტი პაოლო იაშვილის     მოთხრობიდან ” ფერადი ბუშტები (სანტიმენტალური ამბავი)”.  მარგალიტი – ”ავტორმა აღწერა იმდროინდელი მათხოვრების ეხლანდელი  მდგომარეობა”. 
  2. გალაკტიონის ”მერი” – ”ავტორი  მერიში გულისხმობს ბედკრულ საქართველოს”.
  3. გურამ დოჩანაშვილის ” სამოსელი პირველი” –  ” ავტორმა საოპერაციო მაგიდაზე მოათავსა მრავალჭირგადატანილი საქართველო და მძაფრი ფერებით ოპერაციის მთელი მსვლელობა აგვიწერა”.   ”ავტორმა ნაწარმოების პროლოგში პერსონაჟის ეპილოგი დაგვიხატა”. 
  4. გრიგოლ რობაქიძის ” ჩაკლული სული” –  ”სპილბერგის უჟასებიც კი ანგელოზებად მოგეჩვენებათ სტალინთან შედარებით”.

ეს მხოლოდ ნაწილია ”მარგალიტების” .

   ახლა მინდა შემოგთავაზოთ გონებაგახსნილი, მაგრამ უპასუხისმგებლო აბიტურიენტის შედევრი ე.წ. ფუნქციურ წერაში. მან ვერ დააკმაყოფილა ვერც  ერთი კრიტერიუმი, რომლითაც უნდა შეფასებულიყო და ამ ნაშრომში მიიღო 0 ქულა:   

                            ” ბავშვთა დაცვის ფონდ ”ჩინგიზ ყაენის პირად გვარდიას”                     ჩვენი მიმართვა

   ვაპირებთ გავაკეთოთ, დავასუფთაოთ, მივალაგოთ და  მოვალაგოთ ჩვენი სკოლა. არ გთხოვთ ფრიად ღრმააზროვან დიდაქტიკას მოსახმარებლად, მაგრამ თუ დაგვეხმარებით და, ცოცხებს გვათხოვებთ კარგს იზამთ.იმიტომ, რომ შიშველი ხელებით ცოტა გვიჭირს მოხვეტვა.გარდა ამისა, ეგზომ ფუმფულა მამრი, ბენდუქიძედ წოდებული, შვილად მომიხსენიებს და ძალმიძს ბავშვთა დაცვის ფონდიდან პარმლამენტში გიჩალიჩოთ რამე.

    გაჩალიჩება – არს ესევითარი მსგავსებაჲ საქმისა, დაღაცათუ უკუეთესი რადგან ხვალ გივიას. ბაბუის ორმოცია, მაშ ზეგ დავიწყოთ შრომა-საქმიანობა და თუ ბლომდე ვიქნებით, იქნება და ქე წამიკრათ ხელი რაცხა პაწიაზე, ყანა მაქ სათოხნი, იმიტომ,რომ მერე უნივერსიტეტში მეჩქარება, ლექციებს ვკითხულობ თემაზე: ” პოსტგნოსეოლოგიური ჭრილი  დიდაქტიკურ წნეხთან მიმართებით განიცდის თუ არა ზემძლავრ გამოსხივებას თუკი მას დავაკომპენსირებთ ეტიმოლოგიური დიაფრაგმის პროცენტული შემადგენლობით ქრომოსომათა სუბორდინაციულ სენსორზე?

     მოკლედ მიეცით და მოგეცემათ ანუ გვიბოძეთ ცოცხები და გიბოძებთ სუფთა გარემოს

                        დავშთები სიღრმისეული კდემამოსილებით მარად თქვენი…

P.S. ერთ ქულაზე თანახმა ვარ. თქვენ?

აბიტურიენტთა სტილი ყველგან დაცულია.

17 Comments

Filed under ზოგადი

”კარცერი-ლუქსი”პოლიტიკოსებისათვის

პრეზიდენტის სტუმრობამ გურამ დოჩანაშვილთან ღიმილი მომგვარა და დოჩანაშვილისეული აზრი მომივიდა თავში. ვასიკო კეჟერაძე და კლიმი ოცნებობენ  ჰქონდეთ ”კარცერი-ლუქსი,” რომელშიც უწიგნურებს ძალდატანებით ჩასვამენ და კითხვას დააწყებინებენ, ადამიანებად რომ აქციონ!

ეგებ ჩვენც გვეფიქრა და შეგვექმნა ”კარცერი-ლუქსი” პოლიტიკოსებისათვის. მოვათავსებდით ”ევრო-ამერიკულად”გარემონტებულ კარცერში პოლიტიკოსებს, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ცოტა რუსული ელემენტების შეტანაც, ვინმეს გული რომ არ დავწყვიტოთ და მივუშვებდით ნებაზე. იქ უნდა იყვნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ”გამოჩენილი” მოღვაწეები, ალბათ, სულ 200 კაცი აღმოჩნდება ასეთი. შევუყვანოთ მათთვის სასურველი ჟურნალისტები, შევუტანოთ  ”საღებავიანი”იარაღიც, ჰო, ”მასაჟისტი” არ დაგვავიწყდეს და იცხოვრებენ ისინი თავისთვის და ჩვენ ჩვენთვის. მოუწყობენ ერთმანეთს მიტინგებს, რევოლუციებს, შეთქმულებებს. დაიჭერენ ერთმანეთს, ხან ერთნი იქნებიან ხელისუფლებაში და ხან მეორენი. იცხოვრებენ და გაიხარებენ, ჩვენ კი ავაშენებთ ქვეყანას!  მათი შენახვა გაცილებით იაფი იქნება, ვიდრე ეხლაა!

ნეტარ არიან მორწმუნენი!!!!!!!!

4 Comments

Filed under იდეა, პოლიტიკა