Monthly Archives: აპრილი 2013

ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვარ მარტოთ ჩვენ გვზრდიან დედანი!

„ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვარ
მარტოთ ჩვენ გვზრდიან დედანი;
ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ
კუპრში მიელის ქშენანი.
ამის თქმით ვწარა-მარაობთ,
ღთიშვილთ უკეთეს იციან.
ყველანი მართალს ამბობენ
განა, ვინაცა ჰფიციან?!“ ვაჟა

კვირაში ერთხელ საღმოს 10 საათზე საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცრემლებს აღვარღვარებს „პროფილის“ ყურებისას. ადამიანებს გული უჩუყდებათ, განიცდიან, ტირიან, როდესაც იგებენ, რომ ბავშვი უდედოდ იზრდებოდა, დედამ სუბიექტური ან ობიექტური მიზეზების გამო მიატოვა შვილი.მიტოვებულ-წართმეული ბავშვი, როგორც წესი, იგებს ან იცოდა, რომ მისი მშობლები მხოლოდ აღმზრდელები არიან და იწყებს ბიოლოგიური დედის ძებნას ან დედა იწყებს წართმეულ-მიტოვებული შვილის ძებნას და ივსება ამ დროს სტუდია და სახლები ცრემლით, ეპითეტებით – უბედური, საწყალი, სურვილებით – ნეტავ, იპოვოს! ღმერთმა ხელი მოუმართოს… ამასთან არასოდეს ავიწყდება არც მიტოვებულ-წართმეულ შვილსა და არც მის ღვიძლ დედას, რომ ბავშვმა არ უნდა დაკარგოს გამზრდელი დედის (როგორიც არ უნდა ყოფილოყო ის) პატივისცემა, სიყვარული, ამაგი…
„ მერე რა გრძნობა გქონდა, როდესაც გაიგე, რომ გაშვილებული იყავი? როცა დედა იპოვე?“ ცრემლიანი თვალებით ვუსმენთ გულისამაჩუყებელი, სევდიანი ტონით დასმულ ამ კითხვებს… ნუთუ მხოლოდ ეს ტონია საჭირო, რომ განვიცადოთ, გვეტკინოს, მათი დახმარების სურვილი გაგვიჩნდეს?… თუ ეს ასე არ არის, მაშინ რას გვიჩვენებს საზოგადოების პროფილის მეორე მხარე – მუსულმანთა და კათოლიკეთა მიუღებლობა?
ეგებ გავაცნობიეროთ, გავაანალიზოთ, რომ დედასამშობლოსაგან ძალით მოწყვეტილნი არიან ტაო-კლარჯეთში, ლაზეთსა დ ფერეიდანში მცხოვრები მუსლიმი ქართველები, აჭარლებიც ხომ საუკუნეების განმავლობაში „დედინაცვალთან“ იზრდებოდნენ ან დავიჯერო სამხრეთ საქართველოში მცხოვრები კათოლიკე ქართველების წინაპრებმა საუკუნეების წინ საკუთარი სურვილით უარყვეს მართლმადიდბლობა? განა ეს ხალხი იმიტომ არის დამნაშავე და მოღალატე, რომ მართლმადიდებელნი არ არიან, ჩვენზე ნაკლებად უყვართ სამშობლო?
თუ გაშვილებულ-წართმეულ ბავშვს ვთხოვთ და ვასწავლით, რომ პატივი სცეს, უყვარდეს აღმზრდელი დედა, არ დაივიწყოს მისი ამაგი, რატომ ვუკრძალავთ და რატომ ვთვლით მიუღებლად ისტორიული ქარტეხილების გამო გაშვილებულ-წართმულმა, მუსლიმან და კათოლიკედ ქცეულმა, ჩვენმა ქართველმა დებმა და ძმებმაც პატივი მიაგონ და ილოცონ მეჩეთსა და კათოლიკურ ტაძარში.
ვიღაც შემომედავება, სამშობლოსა და რწმენის მოღალატესაც მიწოდებს, შეიძლება სექტანტობაც დამწამოს – ეს რაებს როშავსო, თუმცა პირველი ქვა იმან ისროლოს, ვინც უცოდველია.
ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ!

დატოვე კომენტარი

Filed under ზოგადი, მოსაზრება

თავისებური ზმნები

ქართულ ენაში გვხვედება ზმნები, რომლებიც მწკრივებს სხვა ფუძის ხარჯზე აწარმოებს,ილიასი არ იყოს „ეტყობა, რომ ქართველია!“ ზმნებსაც რომ ჩვენებური ხასიათი შეუსისხლხორცებიათ 🙂 ახლა ჩამოგითვლით ასეთ ზმნებს და ვფიქრობ, აღარ გაჩნდება კითხვები – „დალევა როგორ იქნება დროებში გადაყვანისას? აწმყო დროში მაგალითად?“
ისე ძალიან სასიამოვნოა, როცა ახალგაზრდებს აინტერესებთ, სწავლობენ და უკირკიტებენ დედაენას. დაპირებული ზმნები:
დება = ძევს,დევს -იდო;
ვლა = დავდივარ , დავიარები – ვივლი;
თხრობა = ვეუბნები – ვეტყვი – ვუთხარი
თქმა = ვამბობ – ვიტყვი – ვთქვი;
რბი = მივრბივარ, მოვრბივარ – გავიქეცი, გავიქცევი;
სვალა = მოვდივარ -მოვდიოდი – მოვალ – მოვედი(ვიდ) – დი; // დავდივარ – ვივლი – ვიარე;
სმა(შესმა) = ვსვამ – დავლიე;ეს ზმნა ასპექტში მონაცვლეცაა,უზმნისწინოდ მოქმედება დაუსრულებელია, უსრული სახისაა- ვსვამ, ვსვი, ხოლო სრული სახით( მოქმედება დასრულებულია) იხმარება დალევა = დავლევ, დავლიე, დამილევია;
ქმნა = ვშვრები – ვიზამ – ვქენი;
ქონება = მაქვს – მექნება;
ყოფნა = ვარ – ვიქნები – ვიყავი- ვყოფილვარ;
ხედვა -ნახვა = ვხედავ – დავინახე – ვნახავ – ვნახე ;
ჯდომა = ვზივარ – ვიჯექი – ვმჯდარვარ – ვიჯდები;

დატოვე კომენტარი

Filed under მშობლიური ენა