Monthly Archives: ოქტომბერი 2011

არგუმენტირებული ესე

ატეხილია გნიასი – მისაღებ გამოცდებზე არგუმენტირებულ ესეს ითხოვენ! როგორ უნდა დაწერონ ბავშვებმა ის, რაც სკოლაში არ უსწავლიათ და არ იციან, რა უბედურებაა, რა საშინელებაა, რას  არ მოიგონებენ ბავშვების გასამწარებლად და დასატანჯად…მოკლედ,  ლამის ქვეყნისა და ერის მოღალატეებად, მომავალი თაობის გამანადგურებლად წრმოაჩინონ ქართული ენის ტესტების შემდგენელნი. არადა არაფერია რთული, ელემენტარულად „ტვინის გამოძრავება“ ეზარებათ. მეტ-ნაკლებად ასეთებზე ვრცელდება გურამიშვილისეული სენტენცია – „ ჭკუვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების.“

რა იყო თემა არ დაგიწერია? ჰოდა, თუ ოდესმე დამოუკიდებლად დაგიწერია თემა, ეს ესე რაღა გახდა. მგონი უბრალოდ სიტყვა ესე გაშინებს და სხვა არაფერი. განა თემის წერისას არგუმენტები არ არის საჭირო?  ამ „ საშინელი“ არგუმენტირებული ესეს დაწერის  სტრუქტურას  შემოგთავაზებ, ეგებადა გამოგადგეს:

არგუმენტირებული ესე

ჯერ გავარკვიოთ რა არის თეზისი და არგუმენტი. თეზისი – ავტორის ძირითადი  პოზიცია, არგუმენტი – საბუთი, რომელიც მოჰყავს ამ პოზიციის დასასაბუთებლად.  ახლა გადავიდეთ მთავარზე, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ვისთვის, რატომ და როგორ ვწერთ. არგუმენტირებული ესე  შედგება სამი ნაწილისაგან: შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა.( თემის აგებას ჰგავს? ჰგავს!)  მისი აუცილებელი კრიტერიუმები: განსაზღვრე მიზანი, იყავი კონკრეტული, წერე მკითხველისთვის და არა შენთვის, დასაწყისშივე წარმოადგინე ძირითადი აზრი  და მერე დაასაბუთე.

არგუმენტირებული ესეს წერისას  აუცილებელია, გამოკვეთილი იყოს  ავტორის ანუ შენი პოზიცია და ლოგიკური დასაბუთება. არ არის საჭირო ზედმეტი ინფორმაციით მკითხველის გადაღლა. გაითვალისწინე ვინ არის შენი მკითხველი. აბიტურიენტის შემთხვევაში ეს არის მასწავლებელი, შემდეგ კი – გამსწორებელი. შენი მიზანი უნდა იყოს მკითხველს აჩვენო შენი ცოდნა.

შესავალი – ა) ესეს  დაწერის მიზეზის გამოკვეთა, განსახილველი საკითხის მკითხველისათვის გაცნობა;

ბ) სასურველია დასვა შეკითხვა, რომლის შესახებაც ისაუბრებ;

გ) უმჯობესია ადვილად აღსაქმელი სიტუაციის აღწერით დაიწყო წერა;

დ)შესავალი შეგიძლია დაასრულო მოცემული თეზისით ანუ ძირითადი აზრი დასაწყისშივე წარმოადგინე;

ძირითადი  ნაწილი – ეს არის მთვარი სათქმელი, რომელიც უნდა იყოს  განმარტებული და დასაბუთებული შენეული მოსაზრებებით; უნდა იყოს 3-4 აბზაცი, თითოეულში საკმარისია 4-5 წინადადებაც,  ოღონდ  მარტივ გაუვრცობელ  წინადადებას არ  ვგულისხმობ   🙂   ამავე დროს, უნდა შეძლო კონტრარგუენტების უარყოფა ფაქტებით, ციტატებით  და ა.შ.

დასკვნა  –  შეაჯამე შენი მოსაზრებები, გაიმეორე თეზისი ოღონდ სხვა სიტყვებით.

ესეც შენი არგუმენტირებული ესე!

ახლა დაწერე  არგუმენტირებული ესე  – „ მაწანწალა ცხოველები საფრთხეს უქმნიან გარშემომყოფებს.“ 

43 Comments

Filed under ზოგადი

დაგვიანებული სიახლე

დარწმუნებული ვარ, უმეტესობისათვის ეს სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ რატომღაც საჭიროდ 
ჩავთვალე ჩემს ბლოგზეც დამედო, იქნებ ვინმეს გამოადგეს. დაგვიანება არ 
გაგიკვირდეთ, რაჭველი ვარ :)
გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება
სიახლე 2012 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის
(სავალდებულო გამოცდის) ტესტის ფორმატში 

2011 წელს მთელ საქართველოში წარმატებით ჩატარდა საატესტატო გამოცდები.
საატესტატო და მისაღები გამოცდები თავისი ფორმატითაც და შინაარსითაც უნდა
განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან.
ქართული ენისა და ლიტერატურის საატესტატო გამოცდაზე მოწმდება სასწავლო
პროგრამით გათვალისწინებული (ენობრივი და ლიტერატურული) მასალის ცოდნა, ერთი-
ან ეროვნულ გამოცდაზე კი უნდა შემოწმდეს აბიტურიენტის ენობრივი კომპეტენცია, კით-
ხვის უნარი და წერის კულტურა.
2012  წლის საატესტატო გამოცდებზე შემოწმდება ქართული ენის გრამატიკული
სტრუქტურის, ლექსიკოლოგიისა და სტილისტიკის საკითხების, ქართული სალიტერატუ-
რო ენის ნორმების, აგრეთვე სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ლიტერატურული
ნაწარმოებების ცალკეული ეპიზოდების,  თემატიკისა და ისტორიულ-კულტურული კონ-
ტექსტის ცოდნა და შესწავლილი მასალის გააზრების უნარი.
ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფი მიიჩნევს, რომ საატესტატო  (გამოსაშვები)
გამოცდის შემოღების შემდეგ იმავე ტიპის დავალებების შეთავაზება ერთიან ეროვნულ გა-
მოცდაზეც ყოველგვარ აზრს კარგავს და, ამასთან ერთად, ვერ ითვალისწინებს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების მოთხოვნებსაც.
საკამათო არ არის –  უმაღლესი სასწავლებლებისათვის პრიორიტეტული სწორედ ის
გახლავთ, რომ ბაკალავრობის კანდიდატებს შეეძლოთ სხვადასხვა ტიპის ტექსტის შექმნა
და აგრეთვე ჰქონდეთ სამეცნიერო, პუბლიცისტური, მხატვრული თუ სხვა სახის ტექსტის
სიღრმისეული გაგებისა და კრიტიკული აზროვნების უნარი.
ამდენად, 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის ქართული ენისა და ლიტერატუ-
რის ტესტში აღარ იქნება შეტანილი დავალებები,  რომლებიც შესწავლილი  ლიტერა-
ტურული  ნაწარმოებების  გააზრების უნარსა და ქართული  ენის  პასიურ  ცოდ-
ნას ამოწმებდა.
ეროვნული გამოცდის ტესტში  (ქართული ენა და ლიტერატურა)  იქნება მხოლოდ 4
დავალება:
ა) ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური ქულა 20);
ბ) არგუმენტირებული ესე (20 ქ.);
გ) მხატვრული ტექსტის გააზრება (15 ქ.) და
დ) წერითი დავალება (25 ქ.).
წინა წლების მსგავსად ტესტის ამ უკანაკნელ ნაწილში შეთავაზებული იქნება 2 ტექს-
ტი: ერთი – პოეტური და მეორე – პროზაული. ამჯერადაც აბიტურიენტი თავად აირჩევს ამ
ორი ტექსტიდან ერთ-ერთს და მხოლოდ ამ ტექსტის მიხედვით შედგენილ დავალებებს შე-
ასრულებს.
ამრიგად, ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა
იქნება 80.

დატოვე კომენტარი

Filed under ზოგადი