ენა

ბევრისათვის ცნობილია ეს წერილი, მაგრამ, ალბათ, არსებობენ ისეთნიც, ვისაც არ წაუკითხავს. გავკადნიერდი და სულ რამდენიმე ფრაზა შევცვალე ამ კლასიკოსის წერილში, წითელი ფერით  გამოვყავი დღევანდელი მაგალითები, თორემ  ტკივილი  იგივეა. უბრალოდ მაინტერესებს,  ვინც არა იცნობდა  ამ წერილს, წაკითხვის შემდეგ რას ფიქრობს:  ვის ეკუთვნის  და როდისაა დაწერილი? და თუ შეიცვალა  რამე?

„ჭირი დაუმალავი სჯობიაო. ეს ჭირიც ჩვენი ძველი ნაცნობია, თითქმის ნაჩვევი და გაშინაურებული.ქართული ენის ამღვრევისა დადამახინჯების შესახებ მოგახსენებთ. ეს საგანი გაცვეთილი და თავმოსაბეზრებელია, მაგრამ ჩვენი დანარჩენი ჭირ-ვარამნი და სატკივარნიც დაძველდნენ.ყველას ბავშვობიდანვე გვახსოვს ამ საგანზე ჩივილი და ზრუნვა, მაგრამ ჩვენი დასნეულებული ქართული ენა ფეხზე წამოდგომისა და დაწმენდის მაგიერ უარესად დაავადდა და ატალახდა. ისიც გვახსოვს, რომ ერთ დროს გადაგვარებულებს თითებზე ჩამოთვლიდით  ხოლმე. ეხლა კი ანგარიში აგვერია და სათვალავი დაგვეკარგა. გვახსოვს  ,,ცისკრის“, ,,მნათობის”, ,,ლიტერატურული საქართველოსა” და ,,განთიადის” ქართული, ეხლა კი – ,,ქართული სიტყვის” ერთი წერილის ავტორისა არ იყოს – ნაწერზე ადვილად გამოიცნობთ დამწერის დაბადების კუთხეს. ამ მხრივ ჩვენში უსაზღვრო თავისუფლება დამყარდა. აღარაფერს ერიდებიან და ჟუნრალ-გაზეთებში თამამად სწერენ: ,,ივენთი” ,,პართი”, პრეზენტაცია”,   „ კუხნა” , “შემწვარი კარტოშკა”, “პადვალი,” “სეილი”, “შოპინგი”, “დამესიჯება”, “დაკლიკება”, “დასეივება”  და სხვ.  არ ვაჭარბებ, ეს სიტყვები მე თვითონ წამიკითხია და იმავე დროს გამხსენებია, რომ თითო ასეთ სიტყვას ჩვენ შეგვიძლიან ორი და სამი ქართული დავახვედროთ.  უკან  აღარავინ იხედება.  ცოტაოდენი ცოდნა ენის კანონებისა სავალდებულოდ აღარავის მიაჩნია.
წიგნის ფურცელი სუსტი ანარეკლია იმ უბადრუკ სურათისა, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე წააწყდებით დღევანდელ ოჯახში, ქუჩაში და დაწესებულებებში. ამ დღეებში პარლამენტის სხდომას ვუსმენდი, დარბაზში  ნამდვილი სეტყვა მოდიოდა ასეთის სიტყვებისა: “იმიჯმეიკერი”,   “არენდატორი”,  ,,ისტებლიშენტი,”  „პოზიცია და ოპოზიცია,  “პრეზენტაცია” და ათასი ამისთანა ნარევი, გაუგებარი და გონჯი.
ასე ლაპარაკობდნენ ქართველები. ასეთივე ამბები ხდება დაწესებულებებში, სადაც ისევ ქართველები ოფლში იწურებიან ქართულის წერით. გეგონებათ, წინანდელ გიმნაზიელებს ლათინურს ან ბერძნულს აწერინებენო.
ან კი რა საკვირველია! დაიარეთ რომელიმე დაწესებულება და დაელაპარაკეთ თანამშრომლებს ქართულად. იშვიათად მიიღებთ პასუხს ქართულადვე. დაუგდეთ ყური ამ ხალხის ენას: ნამდვილი ვოლაპიუკი, ჟარგონი, უშნოდ ნარევი და ნამყნობი, უმგვანო. ამ ჯურის ხალხმა ხეირიანად არც ქართული იცის, არც რუსული და არც ინგლისური, თვითონვე რომ შეიგნონ თავიანთი უენობა და მოისმინონ თავიანთი ინგლისურ-რუსულ-ქართული ან სულ დამუნჯდებოდნენ, ან თავიდანვე დაიწყებდნენ ენის შესწავლას. უცებ რომ ჩვენმა წინაპრებმა წამოიწიონ და ყური უგდონ დღევანდელ ქართულს, ნებაყოფლობით უკანვე ჩასცვივდებიან საფლავებში.
აი, ასეთი ჰიბრიდები არიან, რომ ქართულ ენას და კულტურას უმზადებენ ლათინურ და ირლანდიურ ენების ბედს, ე.ი. ნელ-ნელა მარხავენ ჩვენი ხალხის ცოცხალ ენას – მეტად მდიდარს, მოქნილს, ფერადსა და ხმოვანს.
რას გვიშველის მარტო საქმის წარმოება ქართულად?! კათოლიკური ეკლესია დღესაც ლათინურ ენაზე აწარმოებს წირვას და მიწერ-მოწერას, მაგრამ ეს ენა მაინც მკვდარია. ნუთუ შეიძლება მოკვდეს ენა შოთასი, ილიასი, აკაკის და ვაჟასი? დაუჯერებელია! მაგრამ გონება და რეალობა მაინც თავისას გაიძახიან და მრისხანე მუქარას გვითვლიან.
თევზი თავიდან აყროლდებაო. სწორედ ჩვენს ინტელეგენციაზეა ნათქვამი. იგი ჩემულობს ხალხის მეთაურობას და ხელმძღვანელობას. მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც, გახრწნა და გადაგვარებაშიც მასვე ეკუთვნის პირველობა და სხვებზე ადრე იმან უნდა დაიწყოს ზრუნვა საკუთარი თავის განკურნებაზე.
ზოგნი ამ სნეულებას უიმედოთ შესცქერიან, მე კი მაგონდება ერთი მაგალითი: 1905-1906 წლებში, სულ ორიოდე წელიწადში ყველა სომხები თავიანთ დედაენაზე ალაპარაკდნენ (ბარაქალა იმათ!)
როგორ მოხდა ეს ამბავი? სულ უბრალოდ: მოინდომეს და შეასრულეს, ხალხის ნებაყოფლობამ, უკვდავების ალღომ და სიცოცხლის წყურვილმა ასი წლის ნაშენი ზღუდენი გადალახა და თავისი ენით ამეტყველდა.
არც ჩვენა გვაქვს სხვა გზა, გარდა ასეთივე ნებისყოფის, დაჟინების, შეგნებისა და სიცოცხლის წყურვილისა.
ყველამ თვითონვე უნდა იზრუნოს თავის თავსა და ოჯახზე. „

მიხეილ   ჯავახიშვილი „ისევ ქართული ენის შესახებ“    1924წ., 25 მაისი

%(count)s კომენტარი

Filed under მშობლიური ენა

One response to “ენა

  1. პრობლემა, სამწუხაროდ, თითქმის ოთხმოცდაათი წლის შემდეგაც აქტუალურია…

    ენა ცოცხალი ორგანიზმია. ვითარდება, მდიდრდება, ახალს ითვისებს, მაგრამ არა მგონია,”შემწვარმა კარტოშკამ” და “კუხნამ” რაიმე შეგვმატოს და ნეოლოგიზმებსაც ფრთხილად უნდა მოპყრობა, თორემ “იზმების” და “აციების” უმისამართო გამოყენებიდან ენის სრულ დანაგვიანებამდე ერთი ნაბიჯია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s