ავ თუ ამ

 ”მომიკითავხარ – მოგიკითხავვარ, გამიჟიმავხარ – გაგიჟიმავვარ… აი, რამდენიმე სწორი ფორმა, რომელიც კიდევ შემომრჩა პირველ კურსზე ნასწავლი ქართული გრამატიკიდან  :)”  – ერთ-ერთ პოსტზე ეს ”გაღიმებული” კომენტარი დამხვდა და ვიფიქრე,  :)-ს,  ალბათ, ავხარ იწვევს-მეთქი, ამიტომ გადავწყვიტე ამ პოსტის დაწერა.

     თავს არ შეგაწყენთ იმაზე საუბრით რა არის ზმნის თემა და თემის ნიშნები. უბრალოდ, შეგახსენებთ,რომ ზმნის ფუძე ამ ნიშანს დაირთვს I სერიის ყველა მწკრივში: ვტანჯ-ავ, ვხუთ-ავ, ვბურღ-ავ(ამ შემთხვევაში თქვენს ტვინებს🙂 ),  ვასვენ-ებ, ვარიგ-ებ,ვაქ-ებ ( ისევ თქვენს ტვინებს?) და ა.შ.    ქართულში გვაქვს შემდეგი თემის ნიშნები: ი, ავ, ამ, ებ, ობ: ვზრდ-ი, თხრ-ი, ვმალ-ავ, წურ-ავ, ვაბ-ამ,სვ-ამ, ვტოვ-ებ, აშენ-ებ,ვანდ-ობ, გმ-ობ;

  ავ თემის ნიშნიან ზმნათა ჯგუფი საკმაოდ დიდია, ამ თემის ნიშანს კი ზმნათა მცირერიცოვანი ჯგუფი დაირთავს. თუმცა ავ  თემისნიშნიანთა გავლენით ამ ზმნებშიც გაჩნდა არასწორი ფორმები, გადავიდნენ ავ-იან წარმოებაზე: დამირტყავს, წამისვავს, სვავს…რომელი დაბოლოება უნდა ვიხმაროთ ამას გავარკვევთ ზმნის საწყის-მიმღეობის მეშვეობით,რომელშიც ამ თემის ნიშნის ნაშთი გამოჩნდება: დადგა, დარტყა, შესული, დასხა, წარმოთქული.საწყისსა და მიმღეობაში ბგერის არსებობა სათანადო პირიან ფორმაში ამ დაბოლოების მიმანიშნებელია.

ამ თემის ნიშნიანი ზმნები:ვაბამ,წარმოვთქვამ,ვარტყამ, ვაბამ,ვდგამ,ვსვამ,  ვუსვამ, ვასხამ, ვიცვამ,აღვიქვამ

  შემდეგ პოსტში დაუხატავს თუ დაუხატია, მოუკლავს თუ მოუკლია?

3 Comments

Filed under მშობლიური ენა

3 responses to “ავ თუ ამ

  1. დიდი მადლობა ჩემი კომენტარის პოსტის პირველ აბზაცად გადაქცევისათვის😀
    მახსოვს, ერთხელ დათო გოგიჩაიშვილმა იხუმრა “ღამის შოუში” გაზეთიდან ამოჭრილ “დამიხატავხარ” ფორმაზე. ანუ გამოიყვანა როგორც შეცდომა და ვიღაც ბანძის დაწერილი. შემდეგ გადაცემაში კი თითქმის ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ წინა გადაცემაში ნახსენები ფორმა სწორი ყოფილა🙂

    და კიდევ, იცით, რატომ ვერ ვიტან ქართული ენის გრამატიკას? იმიტომ, რომ ყველა ლექტორი თავის სწორ ვარიანტს გიჩიჩინებს თავში და ან შანიძის, ან ჩიქობავას ან თოფურიას მოძღვრებებს ეყრდნობა. აქედან გამომდინარე, ქართულ ენაში გამონაკლისები უფრო მეტი გამოდის, ვიდრე წესები (უკიდურეს შემთხვევაში მათი რაოდენობა ტოლია).
    პირად მაგალითზე, როდესაც ერთ საგანს სამი სხვადასხვა ლექტორი მიკითხავდა (5–5 ლექციას), სამივე სხვადასხვა ფორმას ითხოვდა, წინა ლექტორისაგან განსხვავებულს. მიდი ახლა და უხსენი, რომ დამნაშავე, შენ კი არა,ის ლექტორია, რომელსაც თავი მართალი ჰგონია🙂
    მოკლედ… კარგა ხანს არ გვეშველება, ია ტაკ დუმაიუ.

    • “სამივე სხვადასხვა ფორმას ითხოვდა, წინა ლექტორისაგან განსხვავებულს. მიდი ახლა და უხსენი, რომ დამნაშავე, შენ კი არა,ის ლექტორია, რომელსაც თავი მართალი ჰგონია”, შენ კი არ უნდა აგეხსნა, უნდა მოგეთხოვა მას აეხსნა თუ რატომ ითხოვდნენ სხვადასხვა ფორმას და დაესაბუთებინა კიდეც.მაგრამ რომ გვეზარება და ბოლომდე არ მივყვებით შეცდომებს,”აქედან გამომდინარე, ქართულ ენაში გამონაკლისები უფრო მეტი გამოდის, ვიდრე წესები (უკიდურეს შემთხვევაში მათი რაოდენობა ტოლია).” შენი ციტატით დავიწყე და დავამთავრე 🙂

      • პირველად სწორედ ეგ ვუთხარი, რატომ ითხოვთ ყველა განსხვავებულ ფორმას–მეთქი და გაუკვირდათ: რა, სხვები სხვას ითხოვენო?🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s