გამოცდები მოახლოვდა, დრო თითქმის აღარ მაქვს. სამუშაო,სამუშაო და კიდევ ერთხელ სამუშაო…….. სოფომ კი თავისი შეკითხვით ”იძულებული” გამხადა პოსტი დამეწერა,რისთვისაც მადლობას ვუხდი, 🙂 წინადადებაში ქვემდებარის, დამატებისა და შემასმენლის სინტაქსური ურთიერთობებით დაინტერესდა.
ზმნა-შემასმენელი წინადადების ხერხემალია (როგორც ვანო ქვეყნის 🙂 ); ილია მას ”ჩვენი მეტყველების დედა-ძარღვსა” და ”სულს და გულს ” უწოდებდა. (ვანოს არა, ზმნას,კაცო 😀 )
სუბიექტ-ობიექტის ბრუნებისა და ზმნის უღლების ფორმები წინადადებაში ერთმანეთს უწევენ ანგარიშს; ასეთივე ურთიერთობაა მათ შორის რიცხვის გამოხატვაშიც.
თანამედროვე ქართულ ენაში თუ ქვემდებარე გადმოცემულია ვინ ჯგუფის ან სულიერი რა ჯგუფის სახელით შემასმენელს რიცხვში ითანხმებს (-ებ-იან მრ.). თუ სუბიექტი ნართანიან მრავლობითში დგას, ყოველთვის შეითანხმებს ზმნას რიცხვში: ბავშვები ეზოში თამაშობდნენ; პეპლები აფრთხიალდნენ ყვავილებზე; კლდენი, ზამთრისაგან გაყვითლებულნი, ამწვანდნენ.
მნიშვნელობა აქვს იმასაც, სუბიექტური პირი რეალური ვითარების მიხედვით აქტიურ სუბიექტს გულისხმობს თუ პასიურს, უსულო საგნები გაპიროვნებულია თუ არა: ციდან ღრუბლები ქურდებივით მიიპარებოდნენ(გაპიროვნება); ბანკები პენსიებს არ იძლევიან (აქტიური სუბიექტი).
ზმნას რიცხვში ვერ ითანხმებს სუბიექტი,რომელიც გამოხატულია: უსულო საგნით, კრებითი ან რიცხვითი სახელით, ორცნებიანი კომპოზიტითა და მრავლის გამომხატველი სიტყვით: წვიმის წვეთები დაცურავენ ფანჯრის მინებზე; ახალგაზრდობა ქუჩაში გამოვიდა; ორივე თვალს მოეფარა (თუმცა, ორივენი თვალს მოეფარნენ); მამა-შვილი სტადიონზე წავიდა; ქუჩაში უამრავი ადამიანი ირეოდა.
ასე რომ მრავლობითში დასმულ ქვემდებარესთან შეწყობა რთულია და მრავალფეროვანი; რიცხვში შეთანხმებას სტილისტიკური მიზნითაც მიმართავენ;
(ასე რომ, სოფო, სტილის საკითხია, რომელ ფორმას გამოიყენებ: ბავშვები მიყვარს// ბავშვნი მიყვარან> ბავშვები მიყვარან).
რომ არ მოგაბეზროთ თავი, ობიექტისა და ზმნის ურთიერობაზე ხვალ… 🙂 აბა, უმეტესობა ადამიანთა ურთიერთობებზე წერთ და რა დააშავა ზმნამ 😀
Like this:
Like იტვირთება. . .