Monthly Archives: მაისი 2009

ენა

         თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენა მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მქონე, მდიდარი და განვითარებული ენაა,”მას ძალიან მაგარი ჩონჩხი აქვს”(გ.ქიქოძე). სალიტერატურო ენა ერთი გარკვეული დიალექტის საფუძველზე იქმნება, თუმცა არასოდეს თანხვდება მისი საფუძვლის დამდებ დიალექტს, რადგან სალიტერატურო ენის განვითარებაში სხვა დიალექტებიც მონაწილეობენ მეტნაკლებად, სალიტერატურო ენა ვითარდება და მდიდრდება სხვა ენებთან ურთიერთობითაც, ”ერთგვარ დარჯაკშია გატარებული” (ვ.თოფურია). ”იმ ერს,რომელიც თავის სამწერლებო ენას შესაფერისად არ განავითარებს,   არც შეუძლია გონებრივი განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწიოს, რადგან ამისათვის აუცილებელიად საჭირო იარაღი არ აბადია”  (ივ.ჯავახიშვილი).                   

     ქართული მეტყველების კულტურის ობიექტური საფუძველია საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული სალიტერატურო ენა, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლება და ვითარდება. ცვლილებები ხდება ლექსიკურ შემადგენლობაში,ბგერით სისტემასა თუ გრამატიკულ წყობაში.

            ლექსიკაში მომხდარი ცვლილებების მაგალითები: მეღვინე დღეს მეღვინეობის სპეციალისტს აღნიშნავს, ძველად კი ნიშნავდა ლოთს,მსმელს;  სანუკვარი – (ძვ) საჭმელს; მღერა – (ძვ) თამაშს,ხტომას, ცეკვას; დაპატიჟება – (ძვ)დასჯას,განჩინებას;  ალაგი – (ძვ) ბილიკს,გზას; ცხედარი – (ძვ) ლოგინს, საწოლს;

            სიტყვის მნიშვნელობა შეიძლება გაფართოვდეს ან დავიწროვდეს: სახედარი ძველ ქართულში აღნიშნავდა ჯორსაც, ვირსაც, ცხენსაც, დღეს კი მხოლოდ ვირს ნიშნავს. მელანი ბერძნულად შავს ნიშნავს(საწერად შავი სითხე გამოიყენებოდა), დღეს კი ამ სიტყვით სხვადასხვა ფერის საწერ სითხეს ვიხსენიებთ. ასევეა, სტუდენტი, რვეული

           ბგერათა რაოდენობაც განსხვავდება ძველსა და ახალ ქართულში.  ხმარებიდან ამოღებულია: ჳ,ჲ,ჱ,ჵ,ჴ.

             ქართულ ენაში მეორე სუბიექტურ პირთან გამოიყენებოდა პირის ნიშნები და ს, თუმცა თანამედროვე ქართულში მეორე სუბიექტურმა პირმა სრულიად დაკარგა პირის ნიშნის გამოვლენის უნარი,ამიტომ ნორმაა:  გორავ,  კვდები, დგები, წერ და არა ჰგორავ, ჰკვდები, სდგები, სწერ.

          ძველ ქართულში გვხვდებოდა თანდებულის ორივე ფორმა: წინდებული(იშვიათად,მაგრამ მაინც : ”ზედა წიგნსა საფიცარსა შევჰფიცე და შემომფიცა”,  ”შუა ძოწსა და აყიყსა სჭვირს მარგალიტი ტყუპები”) და უკუდებული.თანამედროვე ქართულში კი გვხვდება მხოლოდ უკუდებული  თანდებულები, რადგან სალიტერატურო ენამ ვერ იგუა წინდებულები, თუმცა  გვხვდება თითო-ოროლა შემთხვევა: გარდა ამისა, უპირველეს ყოვლისა.  რაც შეეხება უკუდებულ თანდებულებს, აი, როგორ მივიღეთ ისინი:  სახლსა შინა > სახლსა შინ > სახლში;  მაგიდასა ზედა > მაგიდასა ზედ > მაგიდაზე და ა. შ.

    ასე რომ, ენა ცოცხალია, ცვლილებებს განიცდის და ვითარდება,რის საფუძველსაც საზოგადოების განვითარება ქმნის.

                    ძალიან რომ არ დაგღალოთ, დანარჩენი შემდეგ.  🙂   

     

Advertisements

12 Comments

Filed under მშობლიური ენა

რთული სიტყვა

 

     როგორ დავწეროთ კომპოზიტები: ერთად, დეფისით თუ ცალ-ცალკე?

      სიტყვებს,რომელებიც შედგება ერთზე მეტი დამოუკიდებელი ფუძისაგან (დედა-შვილი, მთა-ბარი,ცოლშვილიანი, სხვადასხვა, წამწამი), კომპოზიტი ეწოდება.მათი დაწერილობის წესის დასადგენად აქცენტი კეთდება მათს შედგენილობაზე: ფუძეგაორკეცებულია თუ ნაირფუძანი (სხვადასხვა სიტყვათა შეერთებით წარმოქმნილი). თუ ფუძეგაორკეცებული სიტყვის თითოეული კომპონენტი დამოუკიდებელი სიტყვაა და ამ კომპოზიტს არსებითად იგივე მნიშვნელობა აქვს,რაც მის შემადგენელ ფუძეს ის დაიწერება დეფისით. მაგალითად: მაღალ-მაღალი, ერთ-ერთი, ქუჩა-ქუჩა, ნელ-ნელა. ყველა დანარჩენ შემთხვევაში სიტყვა დაიწერება შერწყმულად: ხარხარი,წამწამი, შორიახლოს, შორიშორს, ლუღლუღი, ბიჭბუჭები. 

        და კავშირით შეერთბული ფუძეები იწერება ერთად, როგორც ფუძის გაორკეცებისას,ისე ნაირფუძიან კომპოზიტებში: ცხენდაცხენ, თანდათან,  პირდაპირ, კარდაკარ, ხანდახან, დღედაღამე, წამდაუწუმ, ოცდაოთხი. 

          ნაირფუძიანებში განარჩევენ ერთცნებიან (ქინძისთავი, ხელმოკლე, დედინაცვალი, სახელგატეხილი) და ორცნებიან (მრავალცნებიან) კომპოზიტებს ( ფშავ-ხევსურეთი ,დედ-მამა, და-ძმა,მთა-ბარი). თუ კომპოზიტი ერთცნებიანია, ის შერწყმულად დაიწერება, ხოლო თუ ორცნებიანია – დეფისით.

       ორცნებიან კომპოზიტებზე თავსართ-ბოლოსართების დართვისას წარმოიქმნება ახალი სიტყვა,რომელიც შერწყმულად დაიწერება:

დედა-შვილი – დედაშვილობა

და-ძმა – დაძმური

სახლ-კარი – უსახლკარო

მთა-ბარი – მომთაბარე

               გუშინ საბამ მკითხა: ხომ, ნამდვილად გამიხარდაა სწორი ფორმა, იმდენად ხშირად წერენ გამეხარდა, რომ ზოგჯერ ეჭვი მეპარებაო. სწორი ფორმაა – გამიხარდა, გამიხარდება.

8 Comments

Filed under მშობლიური ენა

ხევი

ორი დღის წინ facebook-ზე დამიმეგობრდა ჩემი ბიძაშვილის შვილი, ვახო ქირიკაშვილი, რომელიც დიდი ხნის უნახავი მყავდა და ძალიან გამიხარდა. კარგ ხასიათზე დავდექი, მისი ”პროფილის” ნახვამ ჩემს ბავშვობაში გადამაგდო – ყაზბეგში ( ჩემი დედულეთია). ვაიმე, იცით როგორ მიყვარს იქაურობა, გულის შეკუმშვამდე. ულამაზესი მხარეა და არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს.

 
 

 ქირიკეთ უბანი ყაზბეგში ერთ-ერთ საუკეთესო ადგილას მდებარეობს (ვინც იცნობს იქაურობას, ყუროსკენ მიმავალი გზა ეცოდინება). მთელი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული. მოხევეებისაგან მოყვასისადმი სითბო და  სიყვარული ვისწავლე. ღირსების, ზნეობის, ვაჟკაცობის,სილამაზის გამოხატულებაა მთელი მხარე. დილით, როცა გავიღვიძებდი, პირველი რასაც ვხედავდი, პაპაჩემის სახლის ფანჯრიდან, გერგეტის სამება და მყინვარწვერი იყო. ახლაც,ამ წუთას, ყურებში თერგის ხმა ჩამესმის. ალპური ყვავილების სუნი მათრობს,ზვინზე დაკრულს რომ მიღიტინებდა ცხვირში, უშიშრად როცა მოვსრიალებდი ზვინით მთიდან დათო პაპასთან ერთად..მოგონებებში თრუსოსა და დარიალის ხეობებში დავხეტიალებ შალიკოსთან, თამრიკოსთან, სატკოსთან,გოჩასთან, მანანას ერთად ქირიკეთ დისწული….  

 

P.S. ფოტოები ( ვახოს გადაღებულია) პირველად დავდე ბლოგზე, ლამაზად არ გამოვიდა ტექსტში, მაგრამ არა უშავს,მაპატიეთ,თანდათან დავხვეწ. 😀    

 

6 Comments

Filed under სხვადასხვა

ბლოგი

        დღეს ორი თვე შესრულებულა,რაც საბას (bas) რჩევით პოსტების წერა დავიწყე. არ ვიცი რამდენად საინტერესოა ჩემი პოსტები, მაგრამ ბლოგებში ხეტიალით მე  ვისვენებ, ბევრი რამ ახლიდან აღმოვაჩინე და ,რაც მთავარია, უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი, რომელთაც პირადად მე (თქვენი არ ვიცი) ახლობლებლად გთვლით.  🙂 

             მგონია, დიდი ხანია მათ ვიცნობ (თუმცა მხოლოდ ვირტუალური ნაცნობობა მაქვს),ყოველ დღე ველოდები სოფოს ”მზისფერ” პოსტს, მაინტერესებს თინიმ რა ქნა ქართული სახვითი ხელოვნების კოლოქვიუმზე, ვიხალისე piccolina-ს აღმოჩენაზე,გამიხარდა თაზოს წარმატება, ძალიან მაინტერესებს როგორები იქნებიან დოდკასა და თაას ბაჩაჩოეები, კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო, ბლოგის გზაზე ხომ, ერთი კი არა, უამრავი კაცი მიდი-მოდის საინტერესო და ლამაზი ისტორიებით…

                                          მიყვარხართ და გელოდებით  🙂 

                                                    საბა,გმადლობ!

P.S. კომპიუტერთან მუშაობას ჯერ ახლა ვსწავლობ, ბევრი რამ არ ვიცი და თუ რამე შემეშლება აქ  ან  facebook-ზე  არ დამცინოთ  😛 😀

12 Comments

Filed under შთაბეჭდილება

დედა

     დღეს დედას დაბადების დღეა, ის კი საავადმყოფოში მოხვედრილა. თირკმელზე აქვს რაღაც გართულება თურმე. ვნერვიულობ,ვერაფრით ვერ ვეხმარები, გვერდითაც ვერ ვუდგები, ძალიან შორსაა.ვიცი, ჩემი და-ძმა ,საბა- იქ არიან და ყველაფერს გაუკეთებენ,მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ,ძალიან ვნერვიულობ; მენატრება, დედა მენატრება, მტკივა და მენატრება!  😦

       ღმერთო, უშველე ჩემს დედიკოს,დიდხანს მინდა, რომ ჩემთან იყოს!    

 

                                                                    დედას

                                        ტალღასავით გეხეთქები ხშირად,

როცა მეტყვი სიტყვას მკაცრს და მოჭრილს,

ხან დიდობა დაიგიმტკიცო მინდა,

ხან, უბრალოდ გაგიგორო კოჭი.

ზოგჯერ ვგავარ უმადურს და უძღებს,

შენგან მაინც მიტევებას ველი.

ცხოვრებისგან რამდენ დარტყმას უძლებ,

მე კი შენი მხრის მოდებაც მშველის.

ტალღასავით გეხეთქები ისევ,

რომ სიმყარე შევიძინო მერე.

ფილტვებს შენი ნამსხვრევები მივსებს,

 აღარ ვიმჩნევ ჩემს წლებს – შენს სიბერეს.

შენი თმენის და შენდობის ნიჭი,

ვიცი,მერე მეც რომ დამიფარავს,

მაგ სიმაღლეს ჯერ ამოსვლა მიჭირს,

ჯერ შენ მყავხარ იმედად და ფარად.

გაკვირდები და ერთ რამეს ვფიქრობ,

რამდენია ქვიშის თავზე წყალი.

ღმერთო! დიდხანს შემარჩინე სითბო

დედის ფრთის ქვეშ შეყუჟული ქალის…

11 Comments

Filed under ფიქრები

ბოლო ზარი

    ბავშვებო,  გილოცავთ სკოლის დამთავრებას!

    ხვალ დილით უკვე ბავშვები აღარ იქნებით, ერთ დღეში გაიზრდებით. ჩემი ნაბოლარაც ერთ-ერთი თქვენგანია. თეთრი პერანგითა და ”მარკერებით” შეიარაღბული წავიდა სკოლაში,ბავშვობასთან დასამშვიდობებლად. მინდა ვუსურვო (მასთან ერთად თქვენც), მუდამ ასეთი ბედნიერი იყოს  და ცხოვრება ისეთი მოხატული ჰქონდეს ცისარტყელას ფერებით, როგორიც დღევანდელი თეთრი პერანგი.

              გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ!!!  🙂  🙂  🙂

     ლაზარემ სკოლა დაამთავრა!

დატოვე კომენტარი

Filed under ზოგადი

ყოველი ჩვენგანი

    ყური ისე შევაჩვიეთ, რომ აღარც კი გვეხამუშება გამოთქმები: ყოველი ჩვენთაგანი, თითოეული თქვენთაგანი. ყოველ ფეხის ნაბიჯზე – სახლში, ქუჩაში, მედიაში, ოფიციალურ გამოსვლებში, გვხვდება  არასწორი ფორმები. საიდან მივიღეთ ფორმები:  ჩვენთაგანი, თქვენთაგანი და მათთაგანი?  პირის ნაცვალსახელებზე  – გან თანდებულის დართვით წარმოიქმნება ზედსართავი სახელები:

ჩვენგან  ————  ჩვენგანი >    ჩვენთაგანი

თქვენგან———– თქვენგანი >    თქვენთაგანი

მათგან————– მათგანი  >     მათთაგანი

   არასწორ ფორმებში მრავლობითის  – თა ნიშნის გაჩენა სრულიად უმართებულო და ზედმეტია, რადგან თვით ნაცვალსახელები (ჩვენ, თქვენ, მათ)  გამოხატავს მრავლობითს.

2 Comments

Filed under მშობლიური ენა