Monthly Archives: აპრილი 2009

ისევ კალკირების შესახებ

გუშინ დაახლოებით ათი წუთი ვუყურებდი დილის გადაცემა ”ალიონს” და მინდა შემოგთავაზოთ მარგალიტები:

  1. თუ რომელიმე დევნილს პრობლემა აქვს დაბადებების ან პირადობის მიმართულებით დავეხმარებით./გიორგი ვაშაძე – საჯარო რეესტრის ხალმძღვანელი/საინტერესოა,რაში? – დაბადებებში თუ… 🙂  😦
  2. დიდი უმრავლესობა კითხულობს /ეკა ტოგონიძე/
  3. როგორი წესებით იმოქმედოს კონკურსანტებმა/ეკა ტოგონიძე/
  4. 70 000 ჭიქა ყავა ილევა /ქეთი კეკელია/  აშკარად მრავლობითი უჭირთ   🙂

ახლა კალკირების რამდენიმე მაგალითი:

  1. ფეხბურთელმა ზუსტი გადაცემა გაუკეთა – ბურთი ზუსტად გადასცა
  2. ხელისუფლებამ მოვლენებს სწორი შეფასება მისცა – მოვლენები სწორად შეაფასა
  3. თავი შევიკავოთ რუსეთთან თანამშრომლობაზე – თანამშრომლობისაგან
  4. ამან განაპირობა ორი ერის ერთმანეთზე გადაკიდება – ერთმანეთისათვის გადაკიდება
  5. საქმე იმაშია,რომ ხვალ არ მცალია – საქმე ისაა,…….

p.s. დიდი ხანია არ მინახიხარ – მინახავხარ შენ /მინახავს ის/

დიდი ხანია არ გინახივარ გინახავვარ მე /გინახავს ის/

-ავ- თემის ნიშანია.

მაგალითი აბიტურიენტთა მარგალიტებიდან: უნდა წაეკითხათ ”სამანიშვილის დედინაცვალი,” ერთ-ერთი მოვიდა მოუმზადებელი. მიზეზი – მას., სახლში ბიბლიოთეკა გადმოვქექე, მაგრამ ვერ ვიპოვე მწერალ სამანიშვილის მოთხრობა ”დედინაცვალი.”  😦

7 Comments

Filed under მშობლიური ენა

კალკირება

      ”კალკი” – ასლის გადასაღები ქაღალდი, ”კალკები”- ენათა სტრუქტურული ურთიერთგავლენის შედეგები(ერთი ენის კალკირებული ერთეული მეორე ენის სტრუქტურული ”ასლია”).

             კალკები გარეენობრივი გავლენის შედეგად ენაცვლებიან ქართულისათვის ბუნებრივ გამონათქვამებს.მაგალითად:

  1. ოპოზიციის წარმომადგენელი გამოვიდა სიტყვაში   – სიტყვით გამოვიდა
  2. ბრალდებულს მთელი სოფელი თავდებში დაუდგათავდებად დაუდგა.
  3. დამნაშავე მიმალვაშია დამალულია,იმალება
  4. ეს წიგნი მალე გამოვა გაყიდვაში – გაიყიდება. ”გუდვილში”   გაყიდვაშია სანტეს პროდუქცია – იყიდება….
  5. ბაქრაძემ მშვიდ ტონში განაცხადა,რომ ხელისუფლება… – მშვიდი ტონით.
  6. უცხოური ვალუტის კურსი ლართან მიმართებაშილართან მიმართებით.
  7. რასთან შევადაროთ ქვეყნის ახლანდელი მდგომარეობა? – რას შევადაროთ.

           აღარ გადაგღლით,დანარჩენი შემდეგ თუ დაინტერესდებით. თუ არ დაინტერესდებით, მე მაინც გავაგრძელებ წერას, 🙂 იმედით -ეგებ ვინმეს გამოადგეს.  

   p.s. ტაქსიში და არა ტაქსში,რადგან ”ტაქსი” ხმოვანფუძიანი არსებითი სახელია.  (ტაქსიმ ჩამოიარა, ტაქსიში ჩავჯექი…)

4 Comments

Filed under მშობლიური ენა

ჩვენი ენა ქართული

”საქართველოს ენის ფასი მე ვიცი,რადგან ეგ ენას შამნახველი   ვარ! (ფერეიდნელი ქართველი)

       როგორ ვმეტყველებთ?  საშინელად!

      რისი ბრალია ან იქნებ ვისი?  ყველასი და ყველაფრის! 

      სახლში, სკოლაში, უნივერსიტეტში – თითქმის ყველგან დამახინჯებული, ”გატყლარჭულ-გაპრანჭული”ქართული გვესმის, მაგრამ რაც ტელევიზიაში ხდებაააააააა, ამის ასახსნელი  ტერმინი  ჩვენს ენაში არ არსებობს.  მინდოდა ამ თემაზე დამეწერა,მაგრამ …ჰოდა  Soipe Goldden-ის Turn on that box-მა მიბიძგა ახლა… ამოუწურავი თემაა თანამედროვე ”პროფესიონალ” ჟურნალისტთა მეტყველება, რომლებსაც თურმე ”ჯულიეტა ვაშაყმაძისგან რა უნდა ესწავლათ”,  რა და მეტყველება!!! 

     ამჟამად რამდენიმე საკითხს გამოვყოფ,რომლებიც აქტუალური მეჩვენება. ნაცვალსახელი  იგივე მხოლოდ სახელობით ბრუნვაშია ასეთი ფუძით,ყველა დანარჩენ ბრუნვაში მას ენაცვლება ფუძე – იმავე.

  მარგალიტები:  1.იგივე მინისტრის განცხადებით  2.იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდით 3. ხდება ხოლმე, რომ ერთი და იგივე ხალხს ვხედავთ  და ა.შ.

        ნაცვალსახელი იგივე   -ვე-  ნაწილაკდართული იგია და ასე იბრუვის:

  1.  სახ.         იგივე                               იგივე   პოსტი
  2.  მოთხ.    იმანვე//მანვე            იმავე   პოსტმა
  3. მიც.         იმასვე//მასვე            იმავე   პოსტს
  4. ნათ.        იმისვე//მისვე            იმავე   პოსტის
  5. მოქ.        იმითვე//მითვე          იმავე   პოსტით
  6. ვით.       იმადვე//მადვე           იმავე   პოსტად

 

  1.  სახ.        ერთი   და   იგივე             ერთი    და იგივე   პოსტი 
  2.  მოთხ.   ერთმა და  იმავემ           ერთმა და იმავე   პოსტმა
  3. მიც.         ერთსა და იმავეს           ერთსა და იმავე   პოსტს
  4. ნათ.        ერთისა და იმავესი      ერთისა და იმავე   პოსტის
  5. მოქ.        ერთითა და იმავეთი    ერთითა და იმავე   პოსტით
  6. ვით.       ერთ(სა) და იმავედ       ერთ(სა) და იმავე პოსტად

      სახალისო მარგალიტი აბიტურიენტის შემოქმედებიდანაც:  ”გრიგოლ ხანძთელმა ააგო მრავალი ციხე-სიმაგრე,მათგან აღსანიშნავია ბეთანიის, ტაო-კლარჯეთისა და ანანურის,აგრეთვე ააშენა ბერებისათვის და ფეოდალებისათვის სასადილო ოთახები და აბანოები…”

                                       გაგრძელება იქნება

2 Comments

Filed under მშობლიური ენა

დღეს ჩემი ძმის დაბადების დღეა

       27 აპრილი ვიღაცისთვის ერთი ჩვეულებრივი დღეა,ვიღაცისთვის – მოსაწყენი, ვიღაცისთვის- ბედნიერი,ჩემთვის?  დღეს ჩემი ძმის დაბადების დღეა! ყოველთვის სიხარულითა და ამავე დროს სევდით სავსე, სიხარულით რატომ, ალბათ , განმარტება არ სჭირდება,სევდით – ერთი იმიტომ,  რომ 21 წელია ერთად აღარ აღგვინიშნავს, მეორეც – ვგრძნობ,რომ მეც მემატება წლები(10 წლით უფროსი ვარ),არ ვბერდები, უბრალოდ წლები მემატება, ჩემს დაბადების დღეზე ამას ვერ ვგრძნობ,რატომ არ ვიცი,არც დავფიქრებულვარ. 

      ახლა რაღაცები გამახსენდა მინდოს დაბადებასთან დაკავშირებით. ოჯახში ორი გოგო ვიყავით, მე და ჩემი უმცროსი და, გვარს კი გამგრძელებელი სჭირდებოდა  და მთელი ნათესაობა ელოდა, ვინ გაჩნდებოდა (ექოსკოპია მაშინ არ იყო 🙂 ). მამაჩემმა თქვა, ვინც არ უნდა გაჩნდეს,გოგო თუ ბიჭი,მაინც ბაბუაჩემის სახელი უნდა დავარქვა – ყარამანიო. კიდევ კარგი ბიჭი გაჩნდა! ამავე დროს, დედაჩემის სამშობიაროში ყოფნის პერიოდში, მივიღეთ წერილი რჩევებით თუ რა უნდა დაგვერქვა ბიჭისთვის: არგელოდი, გელოდი, მოლოდინა, ნატრულო და რა ვი კიდევ რა…მამაჩემმა სიტყვა შეასრულა ბიჭს ყარამანი დაარქვა, მაგრამ დედაჩემმა თავისი ქნა,ბავშვს ყარამანი როგორ დავუძახოო,გოგოებსაც დასცინებენ თქვანს  ძმას ყარამანი ჰქვიაო (ახლა მიკვირს,რატომ უნდა დაეცინათ,მაშინ კი მართლა მაწუხებდა ეს სახელი)  და ყარამანი გახდა მინდია. პატარა ძმაზე მზრუნველობა ჩემმა დამ აიღო თავის თავზე,მე ბავშვობიდან  ”საზიზღარი” ვიყავი,არაფერი მაინტერესებდა ჩემი სამყაროს გარდა.  ერთხელაც,  როდესაც მაია მინდიას აძინებდა,აკვანი გადაუბრუნდა (ბავშვი აუცილებლად აკვანში უნდა გაზრდილიყო, ”ესე ძველად იყო,ხალხი რომ ბნელი იყო ჯერ”  🙂 ), ატეხა ყვირილი,წივილ-კივილი  – ოჯახის იმედი ,გვარის გამგრძელებელი მოვკალი,დავიღუპეთო (მაია მაშინ 7 წლის იყო,არ დაიწყოთ ახლა 7წლის ბავშვს რატომ ჩაგრავდით,რა გინდოდათო,თავად იყო ასეთი და ახლაც ასეთია ”დედა ტერეზას” ვეძახი )და ტირის, მაგრამ რას ტირის, მთელმა უბანმა ჩვენთან მოიყარა თავი. ააყენეს აკვანი და მინდია იკრიჭება,რა ბედნიერი იყო მაია მაშინ!

             ახლა სამზარეულოში მეძახიან,შიათ, მრავალრიცხოვან ოჯახს უნდა მივხედოოოოოოო !!!!!! 🙂 🙂 🙂

3 Comments

Filed under სხვადასხვა

სამშობლოს მონატრება

       ვფიქრობდი, აღარაფერს დავწერდი მიტინგებსა და ხელისუფლების მარაზმზე,მაგრამ რასაც ახლა ვუყურებ ტელევიზორში აუტანელია,ყოველ შემთხვევაში ჩემთვის.

     ერთნიცა და მეორენიც უფლისა და ხალხის სახელით ლაპარაკობს, ცდილობენ, თავს მოგვახვიონ თავიანთი აბსურდული მოწოდებები და მიმდინარეობს გამწარებული ხალხით მანიპულირება.როდემდის? თან ვფიქრობ, იქნებ მე ვერა ვარ-მეთქი?! დამეხმარეთ,გამაგებინეთ მე ვაფრენ თუ ისინი?

      ქვეყანა თავზე გვენგრევა და ხელისუფლება სირაქლემის პოზაშია, პოლიკნინიკებში დადის, უმუშევრობის შესახებ მთავრობის სხდომას მართავს,ნატოთი და ნაბუკოთი  გვაბოლებს,ოპოზიცია – რუსთაველს კეტავს, გლეხები მიწას მოწყვიტა და თბილისში ჩამოიყვანა, ხატი ”დაამონტაჟა”  (მაინტერესებს,ეს მკრეხელობა არ არის?), უზენაესი საბჭოს აღდგენა სურს(გუბაზ სანიკიძის მოსაზრება), ლოცულობს და საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავს,თუმცა იმავე დირეს ”მათ” თვალში ხედავს. მგონი, გამოაცლიან ერთმანეთს დირეს და სულ თავში გვირტყამენ,კოჭებში ეტყობათ. ორივე მხარისთვის მიუღებელია ოდნავ განსხვავებული აზრიც (გაიხსენეთ,შ. ადამაშვილი ან დავით სოკოლოვს რა უქნა დახვეწილმა სალომემ ).

                         გამაგებინეთ,მე ვაფრენ თუ ისინი?

         ”ხალხმა სიყვარული დაკარგა. თავისუფლების,სამშობლოს, სახელმწიფოებრიობის სიყვარული…..ერი დაემსგავსა საძოვარზე მიშვებულ ნახირს,რომელსაც მხოლოდ ერთი საქმე აქვს – სძოვოს. ..რანი ვართ: სიმართლე უნდა მოგახსენოთ: საძოვარზე გადაგდებული, გათითოკაცებული, ყოფილი ერი.”  

                                      გაუფრთხილდით საქართველოს!

%(count)s კომენტარი

Filed under სხვადასხვა

ხმა კატამონთან

                           ”—ო,ენავ ჩემო,

                              დედაო ენავ,

                              შენ,ჩვენო ნიჭო,

                                სრბოლავ და ფრენავ,

                                შენ,ჩვენო სუნთქვის დიდო ალამო,

                               შენ,ჭირთა ჩვენთა ქვათა და კირთა,

                                შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან.

                                …………………………………………………

                               შენ, ნიჭო ჩემო,

                              სრბოლავ და ფრენავ,

                              დედაო ენავ, დედაო ენავ!”

     თუ ვინმეს სურვილი  გაუჩნდება ეს ლექსი შეუძლია ი.აბაშიძის ლექსების კრებულში წაიკითხოს.

2 Comments

Filed under ზოგადი

ტკივილამდე მონატრება

 

 

              გუშინწინ  Skype-ზე ბავშვობის მეგობარს, ელისოს, ველაპარაკე,რომელიც 1989 წლიდან ატლანტაში ცხოვრობს.სამი წელია ელო არ მინახავს, მუდმივად კი მაქვს მასთან კავშირი,მაგრამ ახლა მივხვდი,რომ ტკივილამდე მომნატრებია ჩემი ფუმფულა,ბუთხუზა, ფეთხუმი ელო და მასთან ერთად ბავშვობა.

   ელო ძალიან მიყვარხარ და მენატრები,”ჩემო გიჟო”, მენატრება შენი ჭაღზე დაკიდებული ბანჯო,მონოტონურად ”ზინა, ზინა, ზინას” ძახილი, მამაჩემი რომ აჯიჯღინდებოდა: ” გახედეთ, გააჩერეთ, თორემ გამოიძახეს მილიციაო”, ელიტოს ”მოდის, მოდის” ძახილი,შენს ოთახში პრეფერანსის სათამაშოდ უცნობების თავშეყრა, თითქოს აწურულები, სახლში მისულებს რომ გვეუბნებოდნენ – ნატომ გამოგვაგზავნაო და ჩვენი ადგილი აღარ  იყო ხოლმე და ვინ იცის კიდევ რამდენი რამ…

         ელო არის ადამიანი,რომელიც ყველასა და ყველაფერში მხოლოდ კარგსა და დადებითს ხედავს, ვერ წარმოუდგენია,რომ შეიძლება შეგნებულად გაწყენინონ,გიმუხთლონ, გატკინონ… ადამიანებში მხოლოდ კარგს ხედავს, მას შეუძლია ნებისმიერი კატეგორიის ადამიანთან საერთოს გამოძებნა და ნებისმიერ დროს გვერდში დგომა,მაშინაც კი როცა თვითონ შეიძლება ცუდ ხასიათზე იყოს… ორი დღეა რაღაც მაკლდა,ვერ ვხვდებოდი….

                ელო მენატრები ძალიან,ძალიან….     

დატოვე კომენტარი

Filed under სხვადასხვა