ბაკულას ღორები გალაქტიონის ბოსტანში და რუსის ჯარი საქართველოში

შემთხვევით რომ არაფერი ხდება ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ბოლო დღეებია გონებაში დავით კლდიაშვილის მოთხრობიდან „ბაკულას ღორები“ ფრაზები ამომიტივტივდა: „ ერთი ოხერი, ყოვლად გაფუჭებული მეზობელი გამიჩნდა, ის უნდა შემიშინო შაშა!.. შენთვის ეს არაფერი იქნება, ჩვენთვის კი დიდი რამეა!… თქვენ დაგინახავსთ და სული კოჭებში ჩოუვა?!… შეშინდება!“

რა დროს „ბაკულას ღორებია“– მეთქი ვფიქრობდი და ბოლოს გადავწყვიტე ხელახლა გადამეკითხა ეს მოთხრობა. მართლაც რომ, კლასიკოსია ჩვენი დიდი მწერალი! თუ რატომ თვლის ქართველი დავით კლდიაშვილს კლასიკოსად, ამისთვის შეგახსენებთ ამ ტერმინის განმარტებას: კლასიკოსი – დიდი მწერალი, რომლის შემოქმედებაც საყოველთაოდ აღიარებულია და ყოველთვის, ყოველ დროს სანიმუშოდ არის მიჩნეული. რამდენად სანიმუშოდ მიგვაჩნდა „ბაკულას ღორები“ ამას ვერ მოგახსენებთ, მაგრამ იმაში კი დარწმუნებული ვარ, დღეიდან სამაგიდო წიგნად რომ უნდა გაიხადოს ზოგიერთმა. შეიძლება კითხვა გაუჩნდეს მკითხველს, სად „ბაკულას ღორები“ და სად ჩვენი დღევანდელი მდგომარეობაო, ამიტომ სულ რამდენიმე ეპიზოდს შეგახსენებთ მოთხრობიდან და დასკვნა თავად გამოიტანეთ: „– უიმე, უიმე!… ღმერთო მომკალი!… ასე კაცის ამოგდება გაგონილა ქვეყანაზე?!… თქვენ ამოგივარდათ თქვენი პატრონი ძირფესვიანად, რავარც თქვენ ეს ჩემი ბოსტანი ამომიგდეთ!… თქვენი პატრონი დასწყევლა ჩემმა გამჩენმა… დასწყევლა და მოსპო მამა ზეციერმა!“ ასე კლდიაშვილის ზენათი ბოსტანში „მოვარდნილ“ ღორებსა და ცხვრებს წყევლის, რომლებიც „ერთ თვალის დახამხამებაში, სულ ერთიანად გადაჭამენ, გადასისნიან, აღარაფერს  დატოვებენ“ ხოლმე…


ძალიან ჰგავს საქართველოში შემოსული რუსის ჯარი ბოსტნის ამომგდებ ღორებსა და ცხვრებს!


„დერჟავის ძლევამოსილმა“ არმიამ სულ ერთიანად გადაჭამა, გადასისნა ყველაფერი, დაბომბა და გაანადგურა მშვიდობიანი მოსახლეობა, ქალაქები და სოფლები, აეროპორტები, რკინიგზა, საზღვაო პორტი, ხიდები, საავადმყოფოები, სამხედრო ბაზები.. „რატომ კარგი აგიგიათო!“… ჯერ კიდევ 90–იან წლებში მათ მიერ ქართული მიწებიდან გამოდევნილ 300 ათას ლტოლვილს კიდევ 100 ათასი შეჰმატეს „მშვიდობისმოყვარულებმა.“

ისინი კი ჰგვანან ბოსტნის ამომგდებ ღორებსა და ცხვრებს, მაგრამ არის ჩვენი საქართველო ბოსტანი?!

კლდიაშვილის ზენათი ქმარს, ოჯახის  უფროსს, გალაქტიონს, სთხოვს რაიმე მოიმოქმედოს: „არ შეიძლება გეუბნები! რაცხა უნდა იღონო, თვარა ამოგვაგდეს და ეს არის!.. ამოგვაგდეს ერთიანად!… მითხარი, ბატონო, თუ არაფერი გვეშველება მითხარი და აღარ ვიცოდვილებ! ყოლიფერს თავს დავანებებ, თუ ბაკულას ღორების საოხრებლად უნდა გახდეს ჩემი ნამუშევარი! მივატოვებ ყოლიფერს და მოსვენებული ვიქნები!“

ქართველ ხალხსაც აინტერესებს რა ხდება მის თავს, მაგრამ იმედი მაქვს, ზენათისაგან განსხვავებით არ „მიატოვებს ყველაფერს,“ რადგან ამით ვერასოდეს იქნება მოსვენებული. ამასთან ისიც იცის „ნურც მარგალიტს დაუყრი ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ!“

კლდიაშვილის გალაქტიონმა იპოვა გამოსავალი, მაზრის სამმართველოში ნათესავ შაშა შარაქაძეს მიმართა თხოვნით სტუმრად სწვეოდა „სეკრეტართან“ერთად. დარწმუნებული იყო „მაწუხებული, გაფუჭებული მეზობელი“ მათ რომ დაინახავდა შეშინდებოდა.

„– შეშინდება მერე ამით ის შენი მეზობელი?

კი შეშინდება!.. რას ბრძანებთ – თქვენ რომ დაგინახავსთ სული კოჭებში არ ჩოუვა!…

აბა კარგი… რაკი მასეა! – სიცილით წარმოთქვა ალექსანდრემ.“

ალექსანდრეს ეცინებოდა, გალაქტიონს კი იმედი მიეცა.

არ ვგავართ ახლა ჩვენ გალაქტიონს და ჩვენი მომღიმარი მეგობრები – ალექსანდრეს?!

დაჰპირდა შაშა გალაქტიონს და იმედიანად გამოისტუმრა შინ. „მეზობლებმაც გაიგეს, რომ სტუმრებს მოელოდნენ და ყველა დაინტერესდა მათი ნახვით. მხოლოდ ბაკულას ღორები და ცხვარი თავისას მაინც არ იშლიდნენ და იმ კვირაში ბარე ორჯერ მოინახულეს მათი საყვარელი ზენათის ბოსტანი…

მაცალეთ, მალე ყველას გაგიჩენთ მუხლებში კანკალს, მალე, – იმუქრებოდა გალაქტიონი. – მალე სულ  სხვა  გუნებაზე მეყოლებით ყველა… დაგიდგებათ თვალები! – დაიმედებული ამბობდა იგი.

არ ვგავართ ახლა ჩვენ გალაქტიონს და რუსის ჯარი ბაკულას ღორებსა და ცხვარს, რომლებიც „ფაცურობდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი რამესთვის მოედვათ ტუჩი“…

რას წარმოიდგენდა რუსის „ვანია“ მისი მობილურით გადაღებული, მისთვის სასახელო საქციელი, ბუმერანგივით თუ მოუბრუნდებოდა და „სიენენ“–ის ეთერით მთელი მსოფლიო იხილავდა „ბომჟად“ ქცეულ რუს ჯარისკაცს, ანუ რუსული ჩექმის ამძვრალ ლანჩს, ისე ღონივრად რომ ვეღარ ადგამს ფეხს ცივილიზებულ ევროპას. თურმე ქართველი ჯარისკაცის ყაზარმას თვალი გამოუთხრია იმპერიის აღმდგენი რუსის ჯარისთვის. ამ კადრის მნახველს იქვე გაგიჩნდება კითხვა: – დალოცვილო, 1000 ტანკის შემოყვანას ჯერ ცალ–ცალი კალოშით შემოსილი შენი ჯარისთვის ჩაგეცმია და მერე გეფიქრა მსოფლიოს ახალ „ვიოკროიკაზე“… ჰოდა, შეესივნენ, ბატონო, კუჭმშიერი და ცალ–ცალ კალოშიანი, უნიტაზებპარია „ველიკოე დერჟავის ტანკისტები“ ქართულ ყაზარმებს, ბაღ–ბოსტნებს, სახლებს, ბანკებს, კატერებს, გულისჯიბეში ოქროს კოვზებითა და ქართველი ჯარისკაცის გამონაცალი ნიფხავ–პერანგ–ბატინკით იხეირეს, თუ ამას ხეირი ჰქვია. ნაპარავსაც გასძვრება ლანჩა და მერე ვინ შემოსავს „ძლევამოსილ რუსულ არმიას“? იქნებ საკუთარი ქვეყნის იმ მოქალაქეების იმედი აქვთ, ჯაყოების დამცველებმა გორთან რომ გაძარცვეს?!

ასეთი აზრი დამებადა, შევუგროვოთ რუსის ჯარს საკვები და გასვლის წინ ერთი კარგად დავაპუროთ, თორემ უკან მიბრუნებულებს „იობ ტვაიუ მატისა“ და „ვოტკის“ მეტს არაფერს დაახვედრებს „მატუშკა როსია“…

რუსეთის იმპერიულ ზრახვებს ერთიპატარა“ ხელისშემშლელი ფაქტორი ახლავს. რუსის ჯარს არც „ბატინკი“ სცმია გამძლე და ომის მკლავჭიდ–მრავალჭიდშიც მოიკოჭლებს თურმე. საკუთარი ხალხის ხოცვა–ჟლეტაში გაწაფულ „გრუ“–ელებს, ფსკოვის დივიზიასა და 58–ე არმიას ერთი მუჭა საქართველოს კარგად გაწვრთნილმა ჯარმა ისეთი „აპერკოტი“ დაურტყა, რომ რუსმა გენერლებმა ამ ბრძოლის საარტილერიო ბრძოლების სახელმძღვანელოში შეტანა გადაწყვიტეს. (თავად აღიარეს ერთ–ერთ რუსულ სატელევიზიო არხზე). სანამ რუსული საბრძოლო ხელოვნების ახალ სახელმძღვანელოს შექმნიდნენ, მშობლიური კრილოვის „სპილო და ფინია“ გადაიკითხონ ეგებ…

თქვე, ბელადარდამარხულებო! ჯარს არ აცმევთ, არ აჭმევთ, არ წვრთნით და ამ არმიით აპირებთ მსოფლიო ჰეგემონიას???

ამბობენ, თემურ–ლენგმა კოჭლობა საქართველოში იგრძნოო, „როცა ამ პატარა ქვეყნის ქვაკუთხედს წამოჰკრა ფეხი.“ საინტერესოა, რა იგრძნო დიდგულა და მდაბალმა              პუტინმა, რომელმაც „დასავლეთ–აღმოსავლეთის ნატვრის- თვლის“       ხელში  ჩაგდება გადაწყვიტა, ის კი დაავიწყდა, რომ „ხალხი.რომელსაც სხეული გაუკაჟებია და სული აუმაღლებია, საშიში და დაუმარცხებელია!“

აღა–მაჰმად ხანმა თბილისი გადაწვა, რუსი „მშვიდობისმყოფელები“ კი ბორჯომ–ხარაგაულის ტყეებს წვავენ. შაჰ–აბასმა ვენახები აგვიჩეხა, ღვინისა რა იცოდა, შარბათს სვამდა. რუსებმა ვენახები დაინდეს, უყვართ ქართული ღვინო, არა რუსეთის დახლებზე, სტომაქში ჩასასხმელად, ცოტა ხნით რომ გაბრუვდნენ და ცალ–ცალი ჩექმით სხვა ქვეყნის დაპყრობა წარმოიდგინონ.

გამწარებული, იმედგაცრუებული კლდიაშვილის გალაქტიონი მოთხრობის დასასრულს მოთქვამს: „ – ერთ დღეს გაწყვეტილან ყველა, ვისაც არ ვებრალებით! ყველა ერთ დღეს გაწყვეტილან!“

ვერ შეუშინა შაშამ ბაკულა და მისი ღორები და იმიტომ. ჩვენ აღმოგვიჩნდნენ გვერდშიმდგომნი, მფარველნი და საქართველოს დინგითმთხვრელთა შემშინებელნიც, იმედია, სასოწარკვეთილ გალაქტიონს არ დავემსგავსებით!

მოდი და ამის მერე ნუ აღიარებ დავით კლდიაშვილს კლასიკოსად!

12.08.09

4 Comments

Filed under პოლიტიკა, შთაბეჭდილება

4 responses to “ბაკულას ღორები გალაქტიონის ბოსტანში და რუსის ჯარი საქართველოში

  1. ეგ, მანდ წყევლაა და ესენი იგინებიან და დაშინებაზე გადადიან!

  2. bas

    ყველაზე მაგარი ისაა, რომ მაგის მეტი განსხვავება არაა ჩვენსა და ბაკულას სიტუაციებს შორის.

    აი ფორუმზე შეხვალ პოლიტიკაში და ნახავ რუსეთის თემებს🙂 ან აფხაზების და ოსების ბლატაობას – რუსეთის უკანალით. ეგრევე გამოენთება ვიღაცა და ისე დაიქადნება როგორც ბაკულა შაშას მოლოდინში :))))))

  3. ფორუმზე არ შევდივარ🙂
    ძლივს გადავეჩვიე მაგ ნარკოტიკს და ახლა კიდე არ მინდა ”შეჯდომა” 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s