Tag Archives: ქართული ენა

ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ

                                        ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ

                                                                                       იოანე ზოსიმე

 დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა. და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან! და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართაჲ, და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს. და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაჲწარმეტყუელმან, რამეთუ ” წელი ათასი – ვითარცა ერთი დღჱ”, და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათჱსსა წილი ზის, რომელ ასოჲ არს და იტყჳს ყოვლად ოთხ – ათასსა მარაგსა, და ესე არს ოთხი დღჱ , და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკვდილითა ნათლის – ღებისა მისისაჲთა . და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაიჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა, და სასწაულად ესე აქუს: ოთხმეოც – და -ათოთხმეტი წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქრისტჱს მოსვლითგან დღესამომდე. და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ, ესე წილი ანბანისაჲ.

Leave a comment

Filed under ზოგადი

“თარგმანში დაკარგულები-2”

ახლა გთავაზობთ წინა პოსტის გაგრძელებას.

  1. რუსული და რუსულის გზით ქართულში შემოსულ სიტყვებში Ю უნდა გადმოიცეს იუ- ჯგუფით: მანიკიური,რეზიუმე,კოსტიუმი,სიურპრიზი(და არა: მანიკური,რეზუმე, კოსტუმი.სურპრიზი). გამონაკლისია:კაფსული,პარაშუტი,ბროშურა…
  2. უმახვილო  О-ს შემცველი რუსული და რუსულის გზით ქართულში შემოსული სიტყვები,საკუთარი სახელები,გვარები და გეოგრაფიული სახელები ო-თი უნდა გადმოიცეს: კომპოტი, ოდიკოლონი, ვორონცოვი, ოდესა, ტოლსტოი(და არა: კამპოტი, ადეკალონი, ვარანცოვი, ადესა, ტალსტოი). გამონაკლისია: კატლეტი, კანტორა, კაპიკი, ლატარია, კამოდი.
  3. უცხოური წარმოშობის სიტყვები, რომლებიც რუსულში  ЕЯ-ზე ბოლოვდება, ქართულში ეა დაბოლოებით უნდა გადმოიცეს: ასამბლეა, გალანტერეა, გალერეა, ეპოპეა, იდეა(და არა: ასამბლეია, გალანტერეია, გალერეია, ეპოპეია,იდეია).
  4. ევროპული ენებიდან მომდინარე ლა და ლუ ჯგუფებიანი სიტყვები, რომლებიც რუსულში ЛЮ და  ЛЯ  კომპლექსებს იძლევა, ქართულში უნდა გადმოიცეს მხოლოდ ლა და ლუ ჯგუფით: აკუმულაცია, აკუმულატორი,პლაჟი,ალუმინი, ასიმილაცია, ტრანსლაცია,ილუზია (და არა: აკუმულიაცია, აკუმულიატორი, ასიმილიაცია, პლიაჟი, ტრანსლიაცია,ალიუმინი,ილიუზია).
  5. უცხო ენიდან შემოსულ სიტყვათა ერთ რიგს დედანში H აქვს, მაგრამ ზოგჯერ შეცდომით(რუსულის გავლენით) მის ნაცვლად  გ-ს ხმარობენ: ბეჰემოტი, ჰოპნოზი, ჰერკულესი, , ჰიბრიდი(და არა: – ბეგემოტი,გოპნოზი, გერკულესი,  გიბრიდი).

14 Comments

Filed under მშობლიური ენა

რიცხვი

გამოცდები მოახლოვდა, დრო თითქმის აღარ მაქვს. სამუშაო,სამუშაო და კიდევ ერთხელ სამუშაო…….. სოფომ კი თავისი შეკითხვით ”იძულებული” გამხადა პოსტი დამეწერა,რისთვისაც მადლობას ვუხდი,  :)  წინადადებაში ქვემდებარის, დამატებისა და  შემასმენლის სინტაქსური ურთიერთობებით დაინტერესდა.

ზმნა-შემასმენელი წინადადების ხერხემალია (როგორც ვანო ქვეყნის :)  );  ილია მას  ”ჩვენი მეტყველების დედა-ძარღვსა” და ”სულს და გულს ” უწოდებდა. (ვანოს არა, ზმნას,კაცო   :D  )

სუბიექტ-ობიექტის ბრუნებისა და ზმნის უღლების ფორმები წინადადებაში ერთმანეთს უწევენ ანგარიშს; ასეთივე ურთიერთობაა მათ შორის რიცხვის გამოხატვაშიც.

თანამედროვე ქართულ ენაში თუ ქვემდებარე გადმოცემულია  ვინ ჯგუფის ან სულიერი რა ჯგუფის სახელით შემასმენელს რიცხვში ითანხმებს (-ებ-იან მრ.). თუ სუბიექტი ნართანიან მრავლობითში დგას, ყოველთვის შეითანხმებს ზმნას რიცხვში: ბავშვები ეზოში თამაშობდნენ;  პეპლები აფრთხიალდნენ ყვავილებზე; კლდენი, ზამთრისაგან გაყვითლებულნი, ამწვანდნენ.

მნიშვნელობა აქვს იმასაც, სუბიექტური პირი რეალური ვითარების მიხედვით აქტიურ სუბიექტს გულისხმობს თუ პასიურს, უსულო საგნები გაპიროვნებულია თუ არა:   ციდან ღრუბლები ქურდებივით მიიპარებოდნენ(გაპიროვნება);  ბანკები პენსიებს არ იძლევიან (აქტიური სუბიექტი).

ზმნას რიცხვში ვერ ითანხმებს სუბიექტი,რომელიც გამოხატულია: უსულო საგნით, კრებითი ან რიცხვითი სახელით, ორცნებიანი კომპოზიტითა და მრავლის გამომხატველი სიტყვით: წვიმის წვეთები დაცურავენ ფანჯრის მინებზე; ახალგაზრდობა ქუჩაში გამოვიდა; ორივე თვალს მოეფარა (თუმცა, ორივენი თვალს მოეფარნენ); მამა-შვილი სტადიონზე წავიდა; ქუჩაში უამრავი ადამიანი ირეოდა.

ასე რომ მრავლობითში დასმულ ქვემდებარესთან შეწყობა რთულია და მრავალფეროვანი; რიცხვში შეთანხმებას სტილისტიკური მიზნითაც მიმართავენ;

(ასე რომ, სოფო, სტილის საკითხია, რომელ ფორმას გამოიყენებ: ბავშვები მიყვარს// ბავშვნი მიყვარან> ბავშვები მიყვარან).

რომ არ მოგაბეზროთ თავი, ობიექტისა და ზმნის ურთიერობაზე ხვალ… :)   აბა, უმეტესობა ადამიანთა ურთიერთობებზე  წერთ და რა დააშავა ზმნამ   :D

3 Comments

Filed under მშობლიური ენა, Uncategorized

ჩვენი ენა ქართული

”საქართველოს ენის ფასი მე ვიცი,რადგან ეგ ენას შამნახველი   ვარ! (ფერეიდნელი ქართველი)

       როგორ ვმეტყველებთ?  საშინელად!

      რისი ბრალია ან იქნებ ვისი?  ყველასი და ყველაფრის! 

      სახლში, სკოლაში, უნივერსიტეტში – თითქმის ყველგან დამახინჯებული, ”გატყლარჭულ-გაპრანჭული”ქართული გვესმის, მაგრამ რაც ტელევიზიაში ხდებაააააააა, ამის ასახსნელი  ტერმინი  ჩვენს ენაში არ არსებობს.  მინდოდა ამ თემაზე დამეწერა,მაგრამ …ჰოდა  Soipe Goldden-ის Turn on that box-მა მიბიძგა ახლა… ამოუწურავი თემაა თანამედროვე ”პროფესიონალ” ჟურნალისტთა მეტყველება, რომლებსაც თურმე ”ჯულიეტა ვაშაყმაძისგან რა უნდა ესწავლათ”,  რა და მეტყველება!!! 

     ამჟამად რამდენიმე საკითხს გამოვყოფ,რომლებიც აქტუალური მეჩვენება. ნაცვალსახელი  იგივე მხოლოდ სახელობით ბრუნვაშია ასეთი ფუძით,ყველა დანარჩენ ბრუნვაში მას ენაცვლება ფუძე - იმავე.

  მარგალიტები:  1.იგივე მინისტრის განცხადებით  2.იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდით 3. ხდება ხოლმე, რომ ერთი და იგივე ხალხს ვხედავთ  და ა.შ.

        ნაცვალსახელი იგივე   -ვე-  ნაწილაკდართული იგია და ასე იბრუვის:

  1.  სახ.         იგივე                               იგივე   პოსტი
  2.  მოთხ.    იმანვე//მანვე            იმავე   პოსტმა
  3. მიც.         იმასვე//მასვე            იმავე   პოსტს
  4. ნათ.        იმისვე//მისვე            იმავე   პოსტის
  5. მოქ.        იმითვე//მითვე          იმავე   პოსტით
  6. ვით.       იმადვე//მადვე           იმავე   პოსტად

 

  1.  სახ.        ერთი   და   იგივე             ერთი    და იგივე   პოსტი 
  2.  მოთხ.   ერთმა და  იმავემ           ერთმა და იმავე   პოსტმა
  3. მიც.         ერთსა და იმავეს           ერთსა და იმავე   პოსტს
  4. ნათ.        ერთისა და იმავესი      ერთისა და იმავე   პოსტის
  5. მოქ.        ერთითა და იმავეთი    ერთითა და იმავე   პოსტით
  6. ვით.       ერთ(სა) და იმავედ       ერთ(სა) და იმავე პოსტად

      სახალისო მარგალიტი აბიტურიენტის შემოქმედებიდანაც:  ”გრიგოლ ხანძთელმა ააგო მრავალი ციხე-სიმაგრე,მათგან აღსანიშნავია ბეთანიის, ტაო-კლარჯეთისა და ანანურის,აგრეთვე ააშენა ბერებისათვის და ფეოდალებისათვის სასადილო ოთახები და აბანოები…”

                                       გაგრძელება იქნება

2 Comments

Filed under მშობლიური ენა

”რას ვერჩოდით” ლომაიას?

დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია გადაცემა ”დიდ ათეულში” წმინდანების ჩართვის საკითხმა:  ”არ შეიძლება მსჯელობის საგანი გახდნენ ისინი და მათი ღვაწლი, ეს მათი შეურაცხყოფა და ერის ზნეობრივი გადაგვარების ნიშანიაო.”  მაშინ რას ვერჩოდით კახა ლომაიას, ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ უფიქრია ამაზე კაცს :D,  როდესაც განაცხადა, სკოლაში არ უნდა ისწავლებოდეს ჰაგიოგრაფიაო :D. ერის ზნეობაზე ზრუნავდა თურმე მინისტრი, ჩვენ კი რა არ დავაბრალეთ: იაღოველია, სოროსელია, მასონია…  მგონი უცხოპლანეტელადაც კი მოვნათლეთ. :D

მოგიწოდებთ :D, არ შევუშვათ სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, ისინი ხომ  თავიანთი შეხედულებების მიხედვით აანალიზებენ ნაწარმოებებს, გმირთა სულიერი სამყარო რომ დაანახვონ მოსწავლეებს ხშირად წმინდანთა ადამიანურ თვისებებზეც უნდა ისაუბრონ და რა ვიცით რას იტყვიან?! :)

P.S. ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრებს – ნუ ჩაიგდებთ სასაცილო მდგომარეობაში თავს! :(

მართლმადიდებელი მრავალშვლიანი დედა, ყოველგვარი კავშირებისა და ””-ის გარეშე!

3 Comments

Filed under მოსაზრება