Category Archives: მშობლიური ენა

ყოველი ჩვენგანი

    ყური ისე შევაჩვიეთ, რომ აღარც კი გვეხამუშება გამოთქმები: ყოველი ჩვენთაგანი, თითოეული თქვენთაგანი. ყოველ ფეხის ნაბიჯზე – სახლში, ქუჩაში, მედიაში, ოფიციალურ გამოსვლებში, გვხვდება  არასწორი ფორმები. საიდან მივიღეთ ფორმები:  ჩვენთაგანი, თქვენთაგანი და მათთაგანი?  პირის ნაცვალსახელებზე  – გან თანდებულის დართვით წარმოიქმნება ზედსართავი სახელები:

ჩვენგან  ————  ჩვენგანი >    ჩვენთაგანი

თქვენგან———– თქვენგანი >    თქვენთაგანი

მათგან————– მათგანი  >     მათთაგანი

   არასწორ ფორმებში მრავლობითის  - თა ნიშნის გაჩენა სრულიად უმართებულო და ზედმეტია, რადგან თვით ნაცვალსახელები (ჩვენ, თქვენ, მათ)  გამოხატავს მრავლობითს.

2 Comments

Filed under მშობლიური ენა

რიცხვი

      დაძინებას ვაპირებდი, შეკითხვა რომ დამისვეს,რომელია სწორი ფორმა კარები თუ კარებებიო. ჰოდა, წინა პოსტში არ დავწერე, ყველამ ჩვენი საქმე გავაკეთოთ-მეთქი და ამიტომ 10 წუთით დავივიწყე ძილზე ფიქრი:  სწორია,  კარები.   კარი (შენობის შესასვლელი) არის მხოლობით რიცხვში, მრავლობით რიცხვში კი იქნება  კარ-ებ-ი(ებიანი) ან კარ-ნ-ი(ნარ-თანიანი) და ჩვეულებრივ ორ-ნაწილედ კარზე ითქმის.  ასე რომ,სწორია კარები და არა კარებები.

    შემდეგ პოსტში თუ დაგაინტერესებთ წაიკითხეთ,  სწორია თუ არა ბოდიშით, კარგით,გამარჯობათ და ა.შ.

     ახლა ზოგმა არ გაიფიქროს,  :) გამოვიდა ესეც ღვინჯილიაო, აქ მაინც დაგვანებეთ თავიო,როგორც მინდა ისე დავწერ და ვილაპარაკებო ( ვინ იცის კიდევ რა მოუვა თავში). კი, ბატონო, შენ რაც გინდა ის ქენი, მეც ჩემსას ვიზამ! :D       

                 წავედი, ძილი ნებისა!!!  :)

2 Comments

Filed under მშობლიური ენა

ჩემ შესახებ თუ ჩემს შესახებ

     დღეს აღარ ვაპირებდი პოსტის დაწერას, მაგრამ რამდენჯერმე მკითხეს,  :)  რომელია სწორი ფორმა ”შენს შესახებ თუ შენ შესახებო” და ამიტომ ისევ ვიწყებ ტვინის ბურღვას.

       ბრუნვის ფორმებს შეიძლება დაერთოს ცალკე მდგომი თანდებულები, ისინი დამოუკიდებელ სიტყვად იწერება და ძირითადად ნათესაობით ბრუნვასთან გვხვდება.ამ თანდებულთა უმეტესობა გვხვდება I და II პირის ნაცვალსახელებთან :

  1. სახ.          მე         ჩვენ       შენ        თქვენ
  2. მოთხ.      მე         ჩვენ       შენ        თქვენ
  3. მიც.          მე         ჩვენ       შენ        თქვენ
  4. ნათ.         ჩემ       ჩვენ       შენ        თქვენ

    აქედან გამომდინარე:  ჩემ შესახებ, შენ მიმართ, ჩემ გამო, შენ გარდა, ჩემ მერე, შენ მაგიერ, ჩემ შემდეგ, შენ უკან, ჩემ გამო, შენ წინაშე, ჩემ მიერ, შენ იქით, ჩემ პირდაპირ, შენ გარშემო, ჩემ ქვემოთ, შენ პირდაპირ და ა.შ.  ანალოგიურად იქნება ჩვენ და თქვენ ნაცვალსახელებთანაც.

        დღეისათვის მორჩა…..

7 Comments

Filed under მშობლიური ენა

უცნაური,მაგრამ სწორი ფორმები

          მოსწავლეები გავუშვი და დავიწყე პოსტის წერა, თან გული მწყდება,ვფიქრობ: ”ნეტავ,გამეცდინა გაკვეთილი და წავსულიყავი  ”შარაგულში”-მეთქი,მაგრამ წლებმა და პროფესიამ გადასძლია ეტყობა სურვილს.”

           რაც შეეხება ჩემს ახალ ”აკვიატებას,” შეძლებისდაგვარად დავიცვა მშობლიური ენა ”დაბინძურებისაგან,” შეიძლება ვიღაცას აღიზიანებდეს,არ მოსწონდეს, მაგრამ ”აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს,”  (მომიტევეთ, სხვაგვარად რომ ვთქვა:  სულ ცალ…….. :) ან ცივი წყალი დალიონ და ა.შ.  ვიცი, ”არ შემეფერება,” მაგრამ ვითომ რატომ?!)

    Basას თქმით მარაზმატიკული ფორმების მაგალითები:

  1.       უარყვია - უარუყვია
  2. ვარგივარ მე – ვარგვარ მე
  3. ვარგიხარ შენ - ვარგახარ შენ
  4. ვარგა ის
  5. ვარგიან ისინი - ვარგან ისინი

     აბტ.მარგალიტი:  (”შუშანიკის წამება”, სამკაულების ეპიზოდი)   შუშანიკს ერთი სული აქვს როდის მისცემს, მაგრამ ხუცესმა არ მიაცემინა, თვითონ ვარსქენმა მოითხოვა და მისცა ხუცესმა,ისიც კი თქვა სხვაც მოიხმარს ამასო.(აბტ.-ის სტილი დაცულია)

1 Comment

Filed under მშობლიური ენა

ისევ კალკირების შესახებ

გუშინ დაახლოებით ათი წუთი ვუყურებდი დილის გადაცემა ”ალიონს” და მინდა შემოგთავაზოთ მარგალიტები:

  1. თუ რომელიმე დევნილს პრობლემა აქვს დაბადებების ან პირადობის მიმართულებით დავეხმარებით./გიორგი ვაშაძე – საჯარო რეესტრის ხალმძღვანელი/საინტერესოა,რაში? – დაბადებებში თუ… :)  :(
  2. დიდი უმრავლესობა კითხულობს /ეკა ტოგონიძე/
  3. როგორი წესებით იმოქმედოს კონკურსანტებმა/ეკა ტოგონიძე/
  4. 70 000 ჭიქა ყავა ილევა /ქეთი კეკელია/  აშკარად მრავლობითი უჭირთ   :)

ახლა კალკირების რამდენიმე მაგალითი:

  1. ფეხბურთელმა ზუსტი გადაცემა გაუკეთა – ბურთი ზუსტად გადასცა
  2. ხელისუფლებამ მოვლენებს სწორი შეფასება მისცა - მოვლენები სწორად შეაფასა
  3. თავი შევიკავოთ რუსეთთან თანამშრომლობაზე - თანამშრომლობისაგან
  4. ამან განაპირობა ორი ერის ერთმანეთზე გადაკიდება – ერთმანეთისათვის გადაკიდება
  5. საქმე იმაშია,რომ ხვალ არ მცალია – საქმე ისაა,…….

p.s. დიდი ხანია არ მინახიხარ - მინახავხარ შენ /მინახავს ის/

დიდი ხანია არ გინახივარ - გინახავვარ მე /გინახავს ის/

-ავ- თემის ნიშანია.

მაგალითი აბიტურიენტთა მარგალიტებიდან: უნდა წაეკითხათ ”სამანიშვილის დედინაცვალი,” ერთ-ერთი მოვიდა მოუმზადებელი. მიზეზი – მას., სახლში ბიბლიოთეკა გადმოვქექე, მაგრამ ვერ ვიპოვე მწერალ სამანიშვილის მოთხრობა ”დედინაცვალი.”  :(

7 Comments

Filed under მშობლიური ენა

კალკირება

      ”კალკი” - ასლის გადასაღები ქაღალდი, ”კალკები”- ენათა სტრუქტურული ურთიერთგავლენის შედეგები(ერთი ენის კალკირებული ერთეული მეორე ენის სტრუქტურული ”ასლია”).

             კალკები გარეენობრივი გავლენის შედეგად ენაცვლებიან ქართულისათვის ბუნებრივ გამონათქვამებს.მაგალითად:

  1. ოპოზიციის წარმომადგენელი გამოვიდა სიტყვაში   - სიტყვით გამოვიდა
  2. ბრალდებულს მთელი სოფელი თავდებში დაუდგათავდებად დაუდგა.
  3. დამნაშავე მიმალვაშია -დამალულია,იმალება
  4. ეს წიგნი მალე გამოვა გაყიდვაში - გაიყიდება. ”გუდვილში”   გაყიდვაშია სანტეს პროდუქცია – იყიდება….
  5. ბაქრაძემ მშვიდ ტონში განაცხადა,რომ ხელისუფლება… – მშვიდი ტონით.
  6. უცხოური ვალუტის კურსი ლართან მიმართებაშილართან მიმართებით.
  7. რასთან შევადაროთ ქვეყნის ახლანდელი მდგომარეობა? – რას შევადაროთ.

           აღარ გადაგღლით,დანარჩენი შემდეგ თუ დაინტერესდებით. თუ არ დაინტერესდებით, მე მაინც გავაგრძელებ წერას, :) იმედით -ეგებ ვინმეს გამოადგეს.  

   p.s. ტაქსიში და არა ტაქსში,რადგან ”ტაქსი” ხმოვანფუძიანი არსებითი სახელია.  (ტაქსიმ ჩამოიარა, ტაქსიში ჩავჯექი…)

4 Comments

Filed under მშობლიური ენა

ჩვენი ენა ქართული

”საქართველოს ენის ფასი მე ვიცი,რადგან ეგ ენას შამნახველი   ვარ! (ფერეიდნელი ქართველი)

       როგორ ვმეტყველებთ?  საშინელად!

      რისი ბრალია ან იქნებ ვისი?  ყველასი და ყველაფრის! 

      სახლში, სკოლაში, უნივერსიტეტში – თითქმის ყველგან დამახინჯებული, ”გატყლარჭულ-გაპრანჭული”ქართული გვესმის, მაგრამ რაც ტელევიზიაში ხდებაააააააა, ამის ასახსნელი  ტერმინი  ჩვენს ენაში არ არსებობს.  მინდოდა ამ თემაზე დამეწერა,მაგრამ …ჰოდა  Soipe Goldden-ის Turn on that box-მა მიბიძგა ახლა… ამოუწურავი თემაა თანამედროვე ”პროფესიონალ” ჟურნალისტთა მეტყველება, რომლებსაც თურმე ”ჯულიეტა ვაშაყმაძისგან რა უნდა ესწავლათ”,  რა და მეტყველება!!! 

     ამჟამად რამდენიმე საკითხს გამოვყოფ,რომლებიც აქტუალური მეჩვენება. ნაცვალსახელი  იგივე მხოლოდ სახელობით ბრუნვაშია ასეთი ფუძით,ყველა დანარჩენ ბრუნვაში მას ენაცვლება ფუძე - იმავე.

  მარგალიტები:  1.იგივე მინისტრის განცხადებით  2.იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდით 3. ხდება ხოლმე, რომ ერთი და იგივე ხალხს ვხედავთ  და ა.შ.

        ნაცვალსახელი იგივე   -ვე-  ნაწილაკდართული იგია და ასე იბრუვის:

  1.  სახ.         იგივე                               იგივე   პოსტი
  2.  მოთხ.    იმანვე//მანვე            იმავე   პოსტმა
  3. მიც.         იმასვე//მასვე            იმავე   პოსტს
  4. ნათ.        იმისვე//მისვე            იმავე   პოსტის
  5. მოქ.        იმითვე//მითვე          იმავე   პოსტით
  6. ვით.       იმადვე//მადვე           იმავე   პოსტად

 

  1.  სახ.        ერთი   და   იგივე             ერთი    და იგივე   პოსტი 
  2.  მოთხ.   ერთმა და  იმავემ           ერთმა და იმავე   პოსტმა
  3. მიც.         ერთსა და იმავეს           ერთსა და იმავე   პოსტს
  4. ნათ.        ერთისა და იმავესი      ერთისა და იმავე   პოსტის
  5. მოქ.        ერთითა და იმავეთი    ერთითა და იმავე   პოსტით
  6. ვით.       ერთ(სა) და იმავედ       ერთ(სა) და იმავე პოსტად

      სახალისო მარგალიტი აბიტურიენტის შემოქმედებიდანაც:  ”გრიგოლ ხანძთელმა ააგო მრავალი ციხე-სიმაგრე,მათგან აღსანიშნავია ბეთანიის, ტაო-კლარჯეთისა და ანანურის,აგრეთვე ააშენა ბერებისათვის და ფეოდალებისათვის სასადილო ოთახები და აბანოები…”

                                       გაგრძელება იქნება

2 Comments

Filed under მშობლიური ენა